კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ საწვავის ბაზარზე მოქმედი 5 მსხვილი რეალიზატორი დააჯარიმა
საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ საავტომობილო საწვავის ბაზარზე ხუთი ეკონომიკური აგენტის მიმართ წარმოებული მოკვლევა დაასრულა. საკითხი ეხება 2022 წლის მარტი-აგვისტოს პერიოდში, კოორდინირებული ქცევის შედეგად, საავტომობილო საწვავის საცალო ბაზარზე მაღალი ფასების შენარჩუნებას.
როგორც კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ წარმოებული მოკვლევის შედეგად დადასტურდა - შპს „ლუკოილ-ჯორჯიას“, სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“, შპს ,,სან პეტროლიუმ ჯორჯიას“, შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის“ და შპს ,,რომპეტროლ საქართველოს“ მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის დარღვევა. კერძოდ, შესყიდვის ან გაყიდვის ფასის ან სხვა სავაჭრო პირობების პირდაპირ ან არაპირდაპირ დადგენა.