“მაინცდამაინც რუსის აყვანა სცენაზე შემთხვევითობა ჰგონია ვინმეს?.. ნუ ვიქნებით ბრიყვები! ოხ, რომ იცოდეთ, როგორ ეცინება რუსს, როცა შენ საქართველოს სახელმწიფოდ მოიხსენიებ“ - რას წერს დეკანოზი თამაზ ლომიძე The Killers-ის სკანდალურ კონცერტთან დაკავშირებით
დეკანოზი თამაზ ლომიძე The Killers-ის სკანდალურ კონცერტთან დაკავშირებით:
“გუშინ ბათუმში 10 000 ადამიანს შორის მაინცდამაინც რუსის აყვანა სცენაზე შემთხვევითობა ჰგონია ვინმეს? - არა. ნუ ვიქნებით ბრიყვები! ეს ზუსტად იმ სერიიდანაა, რუსებმა ქართული ჯგუფი “მგზავრები” რომ ამღერეს 9 აპრილს რუსეთში, ჯგუფი “ბრავო მეტეხი” რომ ამღერეს მოსკოვში უკრაინაში შეჭრიდან ძალიან მალე; პუტინისტ პოზნერს რომ გაეგნენ ფეხქვეშ, ლავროვის ოჯახს ტაშფანდური რომ გაუმართეს წინანდალში და ა.შ.
ასე მიზანმიმართულად და დაგეგმილად მუშაობენ რუსები. ასეთ პატარ-პატარა შხამის ინექციებს გვიკეთებენ, რომ ნელ-ნელა გამოვთაყვანდეთ, მოვდუნდეთ, ხელები ჩამოვყაროთ და შევეჩიოთ ამათ თარეშს. ასე მზაკვრულად და გეგმაზომიერად გვწამლავენ, რათა ჩვენს ცნობიერებაზე ამგვარი ძალადობით საბოლოოდ დაგვაჯერონ, რომ ჩვენი და-ძმის მკვლელები, ჩვენი სახელმწიფოებრიობის მოძულენი და ქართული მიწის ქურდები სინამდვილეში ჩვენი ძმები არიან.
ოხ, რომ იცოდეთ, როგორ ეზიზღება და ეცინება რუსს, როცა შენ შენს საქართველოს სახელმწიფოდ მოიხსენიებ. მისთვის საქართველო არის რუსეთის რომელიღაც “ოკრუგი”.
არასოდეს, არასოდეს უნდა შევეგუოთ ასეთ შხამს ჩვენში. და კიდევ ერთი რამ უნდა ვისწავლოთ მტკიცედ: ეშმაკთან გარიგება არ არსებობს. გაურიგდები ეშმაკს ერთი ხელის დათმობაზე? მოგაჭრის მეორე ხელსაც, მოგაჭრის ფეხებსაც, ამოგაგლეჯს ენას და საბოლოოდ მოგაჭრის თავსაც. ასეთია ბოროტის ბუნება. დაუსრულებლად ხომ არ უნდა გავიმეოროთ ერთი და იგივე შეცდომა?!“