ვითარება სტიქიის ზონაში - ინფრასტრუქტურის სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო შოვში, სტიქიის ზონაში, ამ დროისათვის არსებული ვითარების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას და აცხადებს, რომ ამ ეტაპზე, საძიებო სამუშაოებისათვის მობილიზებულია 100-ზე მეტი მძიმე ტექნიკა.
"მძიმე ტექნიკის ოპერატორები საძიებო-სამაშველო სამუშაოებში მონაწილეობენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების მეთვალყურეობით. დღეს მოეწყო დროებითი მისასვლელი გზა სტიქიის იმ ზონასთან, სადაც დარჩენილი იყო დამსვენებელთა კერძო ავტომანქანები. მფლობელებს უკვე დაუბრუნდათ 10 ავტომანქანა და ეს პროცესი ხვალაც გაგრძელდება", - ნათქვამია ინფორმაციაში.