"ვაქვეყნებ ანიმაციას, რომელიც ახლახან მივიღე; ის შედგენილია სატელიტური სურათების საფუძველზე სტიქიამდე და სტიქიის შემდეგ" - ლევან ტიელიძე
იმისთვის, რომ ყველას გვქონდეს უკეთესი ვიზუალური წარმოდგენა შოვის გლაციალურ ღვარცოფთან დაკავშირებით, ვაქვეყნებ სრულ ანიმაციას, რომელიც ახლახან მივიღე კანადელი კოლეგის (დენ შუგარი) დახმარებით - ამის შესახებ გლაციოლოგი ლევან ტიელიძე წერს და ვიდეოს აქვეყნებს.
"პირველ რიგში, ვუსამძიმრებ საქართველოს ამ საშინელ ტრაგედიას და თანადგომას ვუცხადებ გარდაცვლილების ოჯახებს. იმისთვის, რომ ყველას გვქონდეს უკეთესი ვიზუალური წარმოდგენა შოვის გლაციალურ ღვარცოფთან დაკავშირებით, ვაქვეყნებ სრულ ანიმაციას, რომელიც ახლახან მივიღე კანადელი კოლეგის (დენ შუგარი) დახმარებით, კალგარის უნივერსიტეტიდან.
ანიმაცია შედგენილია Planet-ის კომერციული უღრუბლო სატელიტური სურათების საფუძველზე სტიქიამდე (29 ივლისი) და სტიქიის შემდეგ (5 აგვისტო) და მთლიანად ფარავს ტერიტორიას კავკასიონის წყალგამყოფი ქედიდან შოვის ტერიტორიამდე. იმედი გვაქვს, რომ ახლო მომავალში მოვახდენთ თერმული სატელიტების დამუშავებას, იმისთვის, რომ ვნახოთ, როგორი იყო რელიეფის და მიმდებარე მყინვარების ზედაპირის ტემპერატურა სტიქიის წარმოქმნამდე.
პარალელურად მომზადდება მაღალი ხარისხის ციფრული სიმაღლებრივი მოდელი სტერეოსურათების დახმარებით, რომ უკეთესი წარმოდგენა გვქონდეს, ღვარცოფული მასალის რა მოცულობაზეა საუბარი. პ.ს. ის თუ გვახსოვს, რომ "ბუნება მბრძანებელია", მაშინ ისიც უნდა შევიგნოთ, რომ საბუნებისმეტყველო მეცნიერების დარგები მეტად უნდა იყოს ქვეყანაში დაფასებული. განსაკუთრებით ეს ეხება გეოგრაფიას, გეოლოგიას და გეოფიზიკას (თავისი ყველა მიმართულებით). ქვეყანა ვერასდროს იქნება განვითარებული, თუ მეცნიერება არ იქნება ამ ქვეყანაში განვითარებული." - წერს ტიელიძე.