სტიქიისას გარდაცვლილებს შორის არიან და-ძმა გუტაშვილები - "მეგი მუდმივად ახალგაზრდების განვითარებასა და დახმარებაზე ზრუნავდა"
შოვში სტიქიისას გარდაცვლილებს შორის არის და-ძმა, მეგი და გიგი გუტაშვილები. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მათი ახლობლები ავრცელებენ.
მეგი რაჭის ახალგაზრდული ასამბლეის წევრი იყო. მათ სოციალურ ქსელში სამძიმრის წერილი გუშინ გამოქვეყნდა:
"და ის გაფრინდა, ვით ანგელოზი....მეგის იმდენი რამ აქვს ასამბლეისთვის გაკეთებული, ნაბრძოლი, შეწირული, დაარსების დღიდან ახალგაზრდების განვითარებასაე და დახმარებაზე ზრუნავდა ჩვენი ლამაზი გოგო... ახლა ის აღარ გვყავს, გამოაკლდა ჩვენს გუნდს, რამაც დაგვაცარიელა და გაგვანულა... სრულიად საქართველოს ვუსამძიმრებთ ამ დიდ დანაკლისს. მუდამ ჩვენს გულში იქნები, მეგი, სხვაგვარად შეუძლებელია..." - ნათქვამია ინფორმაციაში.
მეგი და გიგი გუტაშვილები და-ძმა არიან. მათი ოჯახის ახლობლები არიან ასევე გარდაცვლილი ნატო ჭელიძე და 7 წლის ლუკა დუდაშვილი.
ცნობისთვის, 3 აგვისტოს რაჭაში, შოვში, უდიდესი ტრაგედია მოხდა. იმ ადგილის მიმდებარედ, სადაც სასტუმრო "სანსეტ შოვი" და კოტეჯებია განთავსებული, მეწყერი ჩამოწვა. ადგილზე ათობით დამსვენებელი იმყოფებოდა.
ბოლო ინფორმაციით, მეწყერს 19 ადამიანი ემსხვერპლა. მაშველები 20-ზე მეტ დაკარგულს ეძებენ.