"მთელი მოსახლეობა დახვედრიათ" - რუსთავის სკოლა "რეცას" მოსწავლეები და მასწავლებელი სტიქიის ზონიდან გამოიყვანეს
ონის მუნიციპალიტეტის კურორტ შოვში განვითარებული სტიქიის გამო ჩარჩენილი კერძო სკოლა "რეცას" 60-მდე მოსწავლისა და მასწავლებლის ევაკუაცია განხორციელდა. ინფორმაციას "ინფო რუსთავი" ავრცელებს.
როგორც სააგენტოს ერთ-ერთი მოსწავლის ბებიამ განუცხადა, ახლა მოსწავლეები და მასწავლებლები ონში იმყოფებიან.
"დღეს 6 საათზე ჩამოიყვანეს ონში. დახვედრია მთელი მოსახლეობა. დაგვაპურესო და ონიდან მოდიან უკვე რუსთავისკენ. მშობელი ჩასულა და მარშრუტკებიც გამოუყვიათ. კარგად, უვნებლად არიან", - განუცხადა "ინფო რუსთავს".
შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ბოლო ოფიციალური ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების მიერ ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამაშველო ღონისძიების შედეგად, ექვსი პირის ცხედარია ნაპოვნი. ამ ეტაპზე, სტიქიის ზონაში მყოფი 150-მდე მოქალაქე უსაფრთხო ტერიტორიაზეა გადაყვანილი.