"ჯოჯოხეთური 4 საათი გამოვიარეთ... ნახევრად ჩაფლულებმა მეწყერში, ჩვენ თვალწინ სამი ადამიანი წაიღო ღვარცოფმა..." - რას ჰყვება მეწყერს გადარჩენილი მოქალაქე
შოვში მეწყერს გადარჩენილი ერთ-ერთი მოქალაქე მარიამ ბერიანიძე აღწერს, თუ რა გამოიარა. მარიამი პოსტს სოციალურ ქსელში აქვეყნებს:
"კარგად ვართ, მეგობრებო, გადავრჩით სასწაულებრივად. ჯოჯოხეთური 4 საათი გამოვიარეთ, რომლის აღსაწერად სიტყვები არ მეყოფა. 2 საათი გავატარეთ ნახევრად ჩაფლულებმა მეწყერში.
ჩვენ თვალწინ სამი ადამიანი წაიღო ღვარცოფმა და იმედი მაქვს, ცოცხლებს იპოვიან.
ბევრი მწერთ და ბევრიც მირეკავთ ნომერზე, მაგრამ ვერ გპასუხობთ, რადგან ჩემი ტელეფონი, ისევე, როგორც ჩვენი სხვა დანარჩენი ყველა ნივთი, წაიღო მეწყერმა.
ჯერ კიდევ არ მჯერა, რომ გადავრჩით და კარგად ვართ. 1 საათის წინ ჩამოვედით თბილისში. მადლობა ყველას მოკითხვისათვის. უღრმესი მადლობა რაჭველ საოცარ ბიჭებს, რომლებიც შოვში ტყეზე გადმოვიდნენ და ჩვენი იმედის ნაპერწკალი გააღვივეს. უდიდესი მადლობა ონის საავადმყოფოს მთელ პერსონალს!! და უდიდესი მადლობა ჩვენს ძვირფას მეგობრებს, რომლებიც თბილისიდან ონში უსწრაფესად გაჩნდნენ", - წერს მარიამ ბერიანიძე.