loader

ექიმი, რომელმაც დაწერა, რომ დედამ 3 დღის ჩვილი სამშობიაროში დატოვა, შემდეგ კი კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა, განცხადებას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ექიმი, რომელმაც დაწერა, რომ დედამ 3 დღის ჩვილი სამშობიაროში დატოვა, შემდეგ კი კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა, განცხადებას ავრცელებს

"პირველი სამედიცინო ცენტრის" სამეანო განყოფილების ხელმძღვანელი დიანა ხონელიძე განცხადებას ავრცელებს.

"თუ რამეს არ იტყვი, ის არ იარსებებს? თუ რამეზე თვალს დახუჭავ, თავისით მოგვარდება? არა, უბრალოდ ჩვენ არ შეგვეხება. ტოლერანტობა მოდურია დღეს, თუმცა ასევე მოდურია ყვირილი იმაზე, "სად იყო ყველა ამ დროს" .

ამ საკითხის მიმართ არასოდეს ვყოფილვარ გულგრილი. ყოველთვის მაქვს მწვავე რეაქცია. ყოველთვის ვცდილობ, გადავაფიქრებინო, შევთავაზო სხვა ვარიანტი. 17 წლის მანძილზე 4-ჯერ მოვახერხე ეს და ბედნიერი ვარ ამით. და ვეცდები ყოველთვის, იმიტომ, რომ სხვა გამოსავალი ყოველთვის არსებობს.

შემდეგ ვიღაცამ ჩათვალა, რომ დედა ბულინგის მსხვერპლია, მიუხედავად იმისა, რომ მისი ვინაობა არავინ იცის, მაინც დაჩაგრავენ და ქარმა სხვა მიმართულებით დაუბერა. ავიტაცეთ, შევწუხდით ამით, მოვიშველიეთ ქალთა უფლებები, ქრისტიანობა, უსახსრობა, უქმრობა, მთავრობის უვარგისობა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ერთი სიტყვით გავუგეთ...

ჩემი აზრით, ამ ისტორიის მთავარი მსხვერპლი ბავშვია, რომელიც მარტო დარჩა და წინ ძალიან რთული და დიდი გზა აქვს, რომელსაც არჩევანი არ ჰქონდა, მისი დედისგან განსხვავებით.

არ იცოდით, რომ ასეთი სიხშირე ჰქონდა ამ ამბავს? ახლა იცით.

იცოდით და ეგუებოდით? გაატარეთ ჩვეულებრივ. არავის უფლებები დარღვეულა. აბსურდია ეს (ა. არ არიან იდენტიფიცირებული პიროვნებები, ბ. არ ჩანს არასრულწლოვნის სახე, გ. არ არის აღწერილი ჯანმრთელობის მდგომარეობა). მორალზე კიდე შეგვიძლია უსასრულოდ ვილაპარაკოთ და მაინც ყველას მისი დაგვრჩება.

კარგია, თუ ამ კომენტარების მერე რამდენიმე ოჯახში მაინც ქალიშვილთან ისაუბრებენ ფასეულობებზე, მეზობლების აზრის მეორეხარისხოვნებაზე. კარგია, თუ მამაკაცები გაიზიარებენ ორსულობის არსებობის პასუხისმგებლობას და საკუთარ როლს ამ ამბავში (კომენტარები ბევრი იყო ამაზე). კარგია, თუ ამაყი ქართველი ძმები წარმოიდგენენ თავის დებს ამ მდგომარეობაში და ისევე გაგებით მოეკიდებიან მას, როგორც ამას კომენტარებში წერდნენ.

კარგია, თუ ერთი ქალი მაინც გადაიფიქრებს შვილის დატოვებას, როცა საზოგადოების ასეთ რეაქციას ნახავს" - წერს დიანა ხონელიძე.

ცნობისთვის, გუშინ დიანა ხონელიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ დედამ 3 დღის ჩვილი სამშობიაროში დატოვა, მოგვიანებით კი პოსტი სოციალური ქსელიდან წაშალა, რადგან მას კრიტიკული გამოხმაურება მოჰყვა.

"პოსტი მათთვის, ვისაც ჰგონია, ასეთი რამ აღარ ხდება, ვისაც სჯერა "საცოდავი" ადამიანების უბოროტობის, ვისაც ეიმედება საზოგადოება... ამ ცეროდენა 3 დღის გოგოს მარიამი დაარქვა მისმა "დედამ". ოღონდ ღვთისმშობელი და უფალი არაფერ შუაშია. ალბათ, იმიტომ დაარქვა, რომ ეს სახელი მოაგონდა პირველი...

მარიამი დღეს სამშობიაროში დატოვეს... საწოლში ჩააწვინეს და უკან არ მოიხედეს. მან მხოლოდ ის დააშავა, რომ მის გამჩენს "პატიოსანი ქალის" სახელს შეულახავდა. მეზობელი და ნათესავი გაიგებდა მის არსებობას... ბოლო წუთამდე გვჯეროდა, რომ გადაიფიქრებდა. არ იმოქმედა არც მუდარამ, არც თხოვნამ, არც სოცმუშაკის დახმარების დაპირებამ.

ხვალ სოციალური წაიყვანს, შეიძლება საუკეთესო დედ-მამა შეხვდეს, მაგრამ გამჩენი დედის პირველი წუთების სიყვარულს ის ვეღარასდროს გამოცდის... წევს მარტო და ექთნები უვლიან, სხვა დედები ეფერებიან... დასჯადი გახადეთ შვილის მიტოვება!!! არ არსებობს ამაზე დიდი ღალატი!!! - წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი", - წერდა დიანა ხონელიძე.

ექიმმა სოციალურ ქსელში ჩვილის ფოტოც გამოაქვეყნა.