"აი, იმ ექიმმა თუ იცის, დედამ რამდენი ხანი არწმუნა ბავშვის მამა, მამობა რომ გაეწია... "ნაბიჭვარი" რომ არ გაეჩინა და "ბოზი" რომ არ ეძახებინათ მისთვის" - ნანუკა ჟორჟოლიანი
"აი, იმ ექიმმა, ყალბი პათოსით რომ პოსტი გამოდო მიტოვებულ მარიამზე, თუ იცის, მარიამის დედამ რამდენი ხანი არწმუნა ბავშვის მამა, მამობა რომ გაეწია ჩვილისთვის. "ნაბიჭვარი" რომ არ გაეჩინა და სოფელს, ეზოს, ნათესავებს, ოჯახს "ბოზი" რომ არ ეძახებინა მისთვის.
თურმე დედა არწმუნა, შვილი არ მიეტოვებინა! მამა? მამაზე რა გაარკვიეთ?!
ვიდრე სხვისი პირადი ჩვენი საქმეა, სიტყვა ნაბიჭვარს უმამოდ გაჩენილი ბავშვების კონტექსტში ვიყენებთ, სიყვარული, სექსი, ურთიერთობა ბოზობაა, ვიდრე მეანები, ექთნები ვერ ხვდებიან, რომ დედა და მამა ერთი პასუხისმგებლობის მქონეა, მარიამები ყოველთვის მოძებნიან ახალ მშობლებს" - ამის შესახებ ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს.
ტელეწამყვანის თქმით, "დედა მაინც დედაა" არის ყველაზე არასწორი მიდგომა.
"დედა მაინც დედაა არის ყველაზე არასწორი მიდგომა. ამას მოჰყვება მხოლოდ დედების მიერ გათენებული ღამეები, მხოლოდ დედების მიერ აღებული პასუხისმგებლობა, მხოლოდ დედები წასული ემიგრაციაში და მამები მათ კისერზე. ორივე ერთია, მეგობრებო. ერთი! ორივე მშობელია! და ეს გააგებინეთ თქვენი შვილების მამებსაც!" - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.
ცნობისთვის, გუშინ მეან-გინეკოლოგმა დიანა ხონელიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ დედამ 3 დღის ჩვილი სამშობიაროში დატოვა, მოგვიანებით კი პოსტი სოციალური ქსელიდან წაშალა, რადგან მას კრიტიკული გამოხმაურება მოჰყვა.
"პოსტი მათთვის, ვისაც ჰგონია, ასეთი რამ აღარ ხდება, ვისაც სჯერა "საცოდავი" ადამიანების უბოროტობის, ვისაც ეიმედება საზოგადოება... ამ ცეროდენა 3 დღის გოგოს მარიამი დაარქვა მისმა "დედამ". ოღონდ ღვთისმშობელი და უფალი არაფერ შუაშია. ალბათ, იმიტომ დაარქვა, რომ ეს სახელი მოაგონდა პირველი...
მარიამი დღეს სამშობიაროში დატოვეს... საწოლში ჩააწვინეს და უკან არ მოიხედეს. მან მხოლოდ ის დააშავა, რომ მის გამჩენს "პატიოსანი ქალის" სახელს შეულახავდა. მეზობელი და ნათესავი გაიგებდა მის არსებობას... ბოლო წუთამდე გვჯეროდა, რომ გადაიფიქრებდა. არ იმოქმედა არც მუდარამ, არც თხოვნამ, არც სოცმუშაკის დახმარების დაპირებამ.
ხვალ სოციალური წაიყვანს, შეიძლება საუკეთესო დედ-მამა შეხვდეს, მაგრამ გამჩენი დედის პირველი წუთების სიყვარულს ის ვეღარასდროს გამოცდის... წევს მარტო და ექთნები უვლიან, სხვა დედები ეფერებიან... დასჯადი გახადეთ შვილის მიტოვება!!! არ არსებობს ამაზე დიდი ღალატი!!! - წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი", - წერდა დიანა ხონელიძე.
ექიმმა სოციალურ ქსელში ჩვილის ფოტოც გამოაქვეყნა.