ლანჩხუთში ერთ-ერთ კორპუსში, ბინაში 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს
ლანჩხუთში, ნინოშვილის ქუჩაზე მდებარე კორპუსში ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს.
როგორც „ ინტერპრესნიუსს“ ლანჩხუთის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა განუცხადა, სავარაუდოდ, ორივე მათგანი ბუნებრივი აირის ნამწვით ინტოქსიკაციის შედეგად დაიღუპა.
მისივე თქმით, გარდაცვლილები 72 და 82 წლის იყვნენ.
,,სამწუხაროდ სიმართლეა, ორი ქალბატონი ერთ-ერთ კორპუსში გარდაცვლილი ნახეს. წინასწარი ინფორმაციით, სავარაუდოდ, ორივე მათგანი ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად გაიგუდა. შემთხვევა დაახლოებით 4-5 დღის წინ მოხდა. მეზობლები სუნმა შეაწუხა, რის შემდეგაც კარები გაჭრეს. გარდაცვლილები ერთმანეთის ბიძაშვილები არიან“, - განაცხადა ალექსანდრე სარიშვილმა.
შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
გამოძიება დაწყებულია საქართველოს სსკ-ის 240 პრიმა მუხლის 3-ე ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტრო ან თბოენერგიის , გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოყვა ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.