"ვხედავთ, რომ კრემლმა უკან დაიხია, შეშინდნენ - ქვის სროლა მოკლემეტრაჟიანი რუსული ოცნება იყო" - ლევან ხაბეიშვილი
„კაგებეშნიკის“ ოჯახში გაზრდილი კობახიძე იყო მთავარი ორგანიზატორი კასპშიც და საგარეჯოშიც - დღეს ვხედავთ, რომ კრემლმა უკან დაიხია, შეშინდნენ, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა რეგიონებში პარტიულ შეხვედრებს.
მისი თქმით, „ქვის სროლა“ „მოკლემეტრაჟიანი რუსული ოცნება“ იყო.
“ასე იცის ბევრმა ბაქი-ბუქმა. ეს რუსი "კაგებეშნიკის" ოჯახში გაზრდილი კობახიძე იყო მთავარი ორგანიზატორი კასპშიც და საგარეჯოშიც. თუ ვინმე დასაკითხი და დასაკავებელია არის, მათ ენაზე რომ ვთქვა, ეს არის ნაგლი კობახიძე, ლილუაშვილი და ღარიბაშვილი. დღეს ვხედავთ, რომ კრემლმა უკან დაიხია, რაღაცნაირად შეშინდნენ. მარტვილშიც ჩავატარებთ შეხვედრას, იმერეთშიც, დედაქალაქში, სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში, ქალაქებში. ცხადია ეს ასე იქნება. ეს ქვის სროლა იყო მოკლემეტრაჟიანი რუსული ოცნება, რომ ვინმე შეშინდებოდა და თურმე მოსახლეობას აღარ შევხვდებოდით. სხვათა შორის მოგვიწია ბანერის გაკეთება, რომ ქვის სროლით პენსიები არ იზრდება. შესაბამისად, ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას, რომ 60 წლამდე დაიწიოს საპენსიო ასაკმა და მეორე, ის სესხები, რომლებიც აქვთ 358 000 პენსიონერს, უნდა გაუნულდეთ. ყველა ქალაქში ჩავალთ, ყველა მუნიციპალიტეტში, დავპირდებით მოსახლეობას, რუსულ პარტიას გავაცილებთ პოლიტიკური ველიდან და აუცილებლად შევასრულებთ მერე ამ დაპირებებს”, - განაცხადა მან.