"რაც სამების საკათედრო ტაძარსა და მის ეზოში ხდებოდა, ეს არ უნახავს არავის" - სვანეთში ტრაგიკულად დაღუპული ბიჭები დაკრძალეს
სვანეთში ტრაგიკულად დაღუპული ბიჭები გუშინ დაკრძალეს.
გიორგი ნიჟარაძე და გიორგი რატიანი სამების საკათედრო ტაძრიდან გამოასვენეს.
9 ივლისს, დაახლოებით ღამის 2:00 საათზე, მესტიის მუნიციპალიტეტში, მულახის ადმინისტრაციულ ერთეულში, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რასაც ორი ადამიანი ემსხვერპლა. ავტომობილში მყოფი მესამე პირი სიკვდილს გადაურჩა და ამჟამად შოკურ მდგომარეობაშია. ავტოავარიის შედეგად გიორგი რატიანი და გიორგი ნიჟარაძე დაიღუპნენ. არსებული ინფორმაციით, უამინდობის გამო გზებზე ცუდი ხილვადობა იყო, რის შედეგადაც მანქანა მდინარე მულხურაში დიდი სიმაღლიდან გადავარდა. დაღუპული ახალგაზრდების ცხედრები მაშველებმა ამოიყვანეს.
"როგორ უნდა იცხოვრო ისე, რომ ამდენი ადამიანის სიყვარული დაიმსახურო... როგორ უნდა მოახერხონ 30 და 31 წლის ბიჭებმა ამხელა სიყვარული?! როგორ უნდა მოასწრო, ამდენი მლოცველი შეიძინო და ბოლოს ამდენი მომხსენებელი დატოვო ამ ქვეყანაზე.
დღეს, რაც სამების საკათედრო ტაძარსა და მის ეზოში ხდებოდა, ეს არც ერთი ადამიანის გასვენებაში არ უნახავს არავის. არც სვანეთში, არც თბილისში... დღეს არ განირჩეოდა ქალი, კაცი, ბიჭი, გოგო და ბავშვი, ყველა ერთხმად დასტიროდა ცხარე ცრემლებით ამ ორ ულამაზეს და უკარგეს სვან ვაჟკაცებს.
საიდან იცნობდნენ ამდენ სასულიერო პირს და მონაზვნებს ეს ბიჭები... ასეთი ცხარე ცრემლით მტირალი არ მინახავს... სასულიერო დასი, როგორ დასტიროდნენ ბერები და მონაზვნები... როდის მოასწრეს ასეთმა პატარებმა ამხელა სიყვარულის დათესვა და შემდეგ მიღება?!
მადლობა მათ მშობლებს ასეთი შვილების აღზრდისათვის. ჭირისუფალს ნუგეშად, დღევანდელი დღეც ეყოფა, რადგან დღეს მიიღეს მათი შვილების აღზრდის პასუხი. უფალმა შეიწყალოს ორი გიორგის სული და აცხონოს. მოიხსენიეთ თქვენს ლოცვებში ახლად შესვენებულნი: გიორგი, გიორგი. მესამე გიორგი, რომელიც გადაარჩინა უფალმა. გააძლიეროს უფალმა მათი სულების გადასარჩენად" - ნათქვამია სოციალურ ქსელში "სვანეთი საქართველოს მშვენება" გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.