წყნეთში ტრაგიკულად დაღუპული 16 წლის ბიჭის ვინაობა ცნობილია
წყნეთში დენის დარტყმის შედეგად დაღუპული მოზარდი კალათბურთელი დათუნა ჟღენტია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ავრცელებს.
"საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ახალგაზრდა კალათბურთელის, დათუნა ჟღენტის ტრაგიკულად გარდაცვალებასთან დაკავშირებით!" - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც ცნობილია, 16 წლის მოზარდი წყნეთში სტუმრად იმყოფებოდა.
ვაკის რაიონის გამგეობის ინფორმაციით, ფანჩატურში, სადაც მოხდა უბედური შემთხვევა, უკანონოდ, კუსტარულად იყო დამონტაჟებული ელექტრომოწყობილობა.
"რაც შეეხება კონკრეტულ მედიასაშუალებებში გასულ ინფორმაციას, თითქოს მოზარდის გარდაცვალება სკვერში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს უკავშირდება, ეს არის სრული სიცრუე და თბილისის მუნიციპალიტეტის დისკრედიტაციის მცდელობა. სკვერის გამწვანების სამუშაოები საწყის ეტაპზეა და ამ დრომდე არანაირი შეხება არ ჰქონია ზემოხსენებულ ფანჩატურთან" - აცხადებენ ვაკის რაიონის გამგეობაში.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ წყნეთში დენის დარტყმის შედეგად გარდაცვლილი 16 წლის ბიჭის საქმეზე გამოძიება დაიწყო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რომელიც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.