"ვაკის პარკში" მომხდარი ტრაგედიის საქმეზე განაჩენი ცნობილია
თბილისის საქალაქო სასამართლომ „ვაკის პარკში“ მომხდარი ტრაგედიის საქმეზე ბრალდებული 9 პირიდან მხოლოდ ერთი, ვალერი გობეჯიშვილი გაამართლა, დანარჩენ 8 პირს კი პატიმრობა შეუფარდა.
საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე ლაშა კლდიაშვილმა მიიღო.
უფრო კონკრეტულად, თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ:
"გრინსერვისი+“-ის დირექტორს, ლაშა ფურცხვანიძეს 6 წლით, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილეს, გიორგი ვახტანგიშვილს, 3 წლით, დევი კახოიძეს 3 წლით, ნუგზარ ქიტიაშვილს 3.6 წლით, დავით თუშიშვილს 3.6 წლით, გიორგი გობეჯიშვილს 4 წლით, ლაშა ჭიღიტაშვილს 3 წლით და ბექა მურღვლიანს 3 წლით, ვალერი გობეჯიშვილი კი გამართლდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე საქმის წარმოება 2 ეპიზოდად გაიყო. მეორე ეპიზოდებზე განხილვა არ დასრულებულა.
ცნობისთვის, 2022 წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შედეგად, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა, ორი მოზარდი - ანდრია ლორთქიფანიძე და ლაზარე ლობჟანიძე კი - დაშავდა.
დაკავებულებიდან ნაწილს ბრალი დაუმძიმდა. კერძოდ კი, "გრინსერვისი+“-ის დირექტორს, ლაშა ფურცხვანიძეს, უხარისხო სამუშაოების შესრულების ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ორი ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია (სსკ-ის 251-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილი), ასევე ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი); "გრინსერვისი+“-ის თანამშრომელ დევი კახოიძეს - ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში წაქეზების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (სსკ-ის 25,362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ’’ ქვეპუნქტი) და ,,მშენ-ექსპერტის“ დირექტორ ნუგზარ ქიტიაშვილსა და ამავე კომპანიის ექსპერტ დავით თუშიშვილს ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი).
ბრალდება წარედგინათ „ნიუ მეტალ დიზაინის“ წარმომადგენელს - 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით (გულგრილობა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია); "ნიუ მეტალ დიზაინის" მიერ დაქირავებულ ორ ხელოსანს - 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სამუშაო წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია).