“ქალაქში შესაძლოა შეიქმნას პოტენციურად სახიფათო სიტუაციები, გიზიარებთ ჩვენს რეკომენდაციებს“- “თბილისი პრაიდი“ მიმართვას ავრცელებს
“თბილისი პრაიდის გუნდისთვის, რომელიც მიმდინარე კვირაში აორგანიზებს პრაიდის კვირეულს, უმთავრესი პრიორიტეტია კვირეულის ფარგლებში თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება. გუნდი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით აქტიურად თანამშრომლობს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, რომელიც თავის მხრივ იღებს სრულ პასუხისმგებლობას კვირეულის ფარგლებში თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებაზე. ასევე, ვიღებთ ყველა საჭირო ზომას უშუალოდ ღონისძიებების ტერიტორიაზე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.“ - ამის შესახებ განცხადებას “თბილისი პრაიდი“ ავრცელებს და რეკომენდაციებს იძლევა:
“8 ივლისს, პრაიდის ფესტივალის დღეს, ქალაქში შესაძლოა შეიქმნას დაძაბული ან პოტენციურად სახიფათო სიტუაციები. უსაფრთხოების ექსპერტებთან კონსულტაციების საფუძველზე, გიზიარებთ ჩვენს რეკომენდაციებს:
1. ფესტივალის დღეს, გთხოვთ, მოერიდოთ ვაჟა-ფშაველას მეტროს მიმდებარე ტერიტორიებს, რომლებიც ძალადობრივი ჯგუფების მიერ ორგანიზებული შეკრების გამო მაღალი რისკის ზონად არის მონიშნული. ამ პროცესებთან დაკავშირებულ ინფორმაციას განვაახლებთ ჩვენი სოციალური მედიის პლატფორმებზე.
2. გირჩევთ, შეძლებისდაგვარად მოერიდოთ მარტო გადაადგილებას და იმგზავროთ ჯგუფურად. თუ არ იცნობთ ადამიანებს, ვინც თქვენთან ერთად დაესწრებიან ფესტივალს, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ. შესაძლებელია ამ ნაწილში ფესტივალის სტუმრებს მიეცეთ დამატებითი რეკომენდაციები.
3. სამწუხაროდ, წარსული გამოცდილებიდან ვიცით, რომ ძალადობრივი ჯგუფები ხშირად ინდივიდებზე გარეგნობის ან თვალსაჩინო მახასიათებლების საფუძველზე ირჩევენ აგრესიის ობიექტს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს ღია და ამაყ თვითგამოხატვას, შესაძლოა გონივრული იყოს ამ პოტენციური რისკის გათვალისწინება საჯარო სივრცეებში გადაადგილებისას.
4. დატენეთ მობილური მოწყობილობები და დარწმუნდით, რომ გაქვთ საშუალება, დაუკავშირდეთ სხვებს.
5. თუ ღონისძიებების მიღმა რაიმე საეჭვოს შეამჩნევთ ან გარკვეულ ვითარებაში თავს დაუცველად ან არაკომფორტულად იგრძნობთ, გთხოვთ, დაუყოვნებლივ შეატყობინოთ ამის შესახებ თბილისი პრაიდის გუნდს. ფესტივალის ტერიტორიაზე კი ღონისძიების პერსონალს ან/და დაცვას.“