"რა გინდა, ბიჭო?" - დაპირისპირების კადრები პარლამენტიდან, ალექსანდრე რაქვიაშვილის თქმით, მიხეილ სარჯველაძე მას ხელით შეეხო და პერანგზე ღილები მოაწყვიტა
„გირჩის“ დეპუტატის, ალექსანდრე რაქვიაშვილის ინფორმაციით, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი მიხეილ სარჯველაძე მას პარლამენტის დერეფანში ხელით შეეხო და პერანგზე ღილები მოაწყვიტა.
ინციდენტი კომიტეტის სხდომაზე გამოცხადებული შესვენების დროს მოხდა.
დაპირისპირების საგანი საკანონმდებლო პაკეტის განხილვა გახდა, რომელიც წვევამდელთა სამხედრო სამსახურში გაწვევასთან, აგრეთვე, არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში ჩარიცხვაზე უარის თქმასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებას ეხება.
„ქოცებმა“ სცადეს, „გირჩის“ დეპუტატები პლენარული სხდომიდან “მოვეტეხეთ“, სადაც “თავდაცვის კოდექსს“ იხილავენ. პარლამენტის ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე დაჩქარებული წესით განსახილველად სრულიად ამორალური, დისკრიმინაციული და არაკონსტიტუციური კანონის პროექტთა პაკეტი შემოიტანეს. დავიწყეთ დისკუსია. სცადეს, რომ დისკუსია შეეწყვიტათ, სცადეს არ დაგვესვა კითხვები, რისი უფლებაც მათ არ ჰქონდათ. ახალი კანონის პროექტის კენჭისყრაზე გატანა განხილვისა და მასზე კითხვების დასმის გარეშე სურდათ, რაც ჩვენ გავაპროტესტეთ. როცა ამაზე კამათი დავიწყეთ, პარლამენტის სესიაც დაიწყო, ანუ სესია დაიწყეს მაშინ, როცა კომიტეტის სხდომა მიმდინარეობდა, რაც რეგლამენტის დარღვევაა და არ შეიძლება. გამოვიდა ისე, რომ ჩვენ პარლამენტის პლენარული სხდომიდან “გვტეხავდნენ“, რაც შევაფასე - ვთქვი, რომ ის, რაც “თავდაცვის კოდექსის“ გარშემო ხდება, მთელი ეს პროცესი არის “ჩათლახობა“, რაზეც მიხეილ სარჯველაძე “ავარდა“, - აცხადებს რაქვიაშვილი.
მისი თქმით, სარჯველაძე მასზე უფროსია და ანალოგიურად არ უპასუხა, თუმცა თუკი იმავეს გაიმეორებს, პასუხს დაუბრუნებს.
პარლამენტში “თავდაცვის კოდექსის“ პროექტის მეორე მოსმენით განხილვა მიმდინარეობს. განხილვის პროცესში აქტიურად მონაწილეობს ოპოზიცია, რომელსაც მმართველი გუნდი დროის ხელოვნურად გაყვანაში ადანაშაულებს.