loader

"ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წამოწყება! წელს პირველად იმართება" - ირაკლი ღარიბაშვილი ახალი პროექტის, "ჯარის ბანაკის" შესახებ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წამოწყება! წელს პირველად იმართება" - ირაკლი ღარიბაშვილი ახალი პროექტის, "ჯარის ბანაკის" შესახებ

ჯარის მნიშვნელობა და ზოგადად, ჩვენი საამაყო ჯარის როლი ჩვენი საზოგადოების განვითარებაში ძალიან დიდია. მიმაჩნია, რომ აუცილებელია ჩვენი ახალგაზრდების თავიდანვე ჩართულობა სკოლებიდან. ის კი არა, ბაღებშიც უნდა შევიტანოთ სწავლება - ძალიან ბევრი საცდურია ჩვენი ახალგაზრდებისთვის. ამიტომ, ახალგაზრდას სჭირდება თავიდანვე სწორი ორიენტირების განსაზღვრა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ახალი პროექტის - „ჯარის ბანაკის“ გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, სწორი ღირებულებების და ოჯახის ღირებულებების პოპულარიზაცია ბაღებიდან და სკოლებიდან უნდა დაიწყოს.

კოჯორში გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემია მთელი ზაფხულის განმავლობაში თავდაცვის სამინისტროს ახალ პროექტს, „ჯარის ბანაკს“ მასპინძლობს.

თავდაცვის უწყების ინფორმაციით, საპილოტე საზაფხულო ბანაკის მონაწილეები იმ სკოლების მოსწავლეები არიან, რომლებშიც წელს საგნები „თავდაცვა და უსაფრთხოება“ და „სამხედრო საქმე" ისწავლებოდა.

დღეს „ჯარის ბანაკი“ საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ფონზე სახელმწიფო დროშის აღმართვით ოფიციალურად გაიხსნა.

საზაფხულო ბანაკში მონაწილე ბავშვებსა და მათ სერჟანტ-ინსტრუქტორებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი მიესალმნენ და ახალგაზრდა თაობისთვის მსგავსი სახის პროექტების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.

საზაფხულო „ჯარის ბანაკი“ თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინიცირებული პროექტია და მას თავდაცვის უწყება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად წელს პირველად ახორციელებს.

პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდა თაობაში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და ქართული ჯარის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდას.