“დიახ, მოხუცმა ქალმა ითამაშა ჩემს ემოციებზე, ტყუილი იკადრა 20 თეთრისთვის და მე ნებსით თუ უნებლიეთ, მაქცია იარაღად!“ - რას წერს ქალი, რომელმაც კონტროლიორისა და მოხუცი ქალის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა
27 ივნისს სოციალურ ქსელში ნინი გაჩეჩილაძემ გაავრცელა კონტროლიორის ფოტო ემოციური შინაარსით. ავტორი წერდა, რომ კონტროლიორმა მოხუცი ქალი, რომელსაც “კათარზისში“ ეჩქარებოდა, დააჯარიმეს. თუმცა, როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, სტატუსის შინაარსი რეალობასთან აცდენილი იყო.
ამის შესახებ ინფორმაცია კონტროლიორმა დიანა კვიციანმა გაავრცელა. ვრცლად იხილეთ ბმულზე: “მივიღე გადაწყვეტილება, რომ პოსტის ავტორს ვუჩივლო... 80 წლის პირი არ დამიჯარიმებია" - კონტროლიორი, რომლის ფოტო და ისტორია სოცქსელში გავრცელდა, საგანგებო მიმართვას ავრცელებს
დღეს კი მიმართვას ნინი გაჩეჩილაძეც ავრცელებს:
“დიახ, მე კანონმორჩილი ადამიანი ვარ, თუმცა... იმ დღეს, გაჩერებაზე, ჩემს ადგილზე ვინც უნდა ყოფილიყავით, გააკეთებდით იმას, რაც მე გავაკეთე - მივედი კონტროლიორთან და ვთხოვე, არ დაეჯარიმებინა მოხუცი, რომელსაც საჭმლის ფული არ ჰქონდა და რომ ჯარიმის გადახდა გაუჭირდებოდა. სამწუხაროდ, მე არ დამინახავს, როგორ ჰკრა ხელი მგზავრმა კონტროლიორს და არც ის ვიცოდი, რომ მგზავრს საერთოდ არ გაუტარებია ბარათი და რომ ზეპირად (ასე ვთქვათ) ამბობდა, ფული არ მაქვსო. სამწუხაროდ, მე არ ვიცოდი, რომ ეს ქალბატონი ბენეფიციარი არ იყო. ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ მას შეეძლო სიმართლე არ ეთქვა...
დიახ, მოხუცმა ქალმა ითამაშა ჩემს ემოციებზე, ტყუილი იკადრა 20 თეთრისთვის და მე ნებსით თუ უნებლიეთ, მაქცია იარაღად! რატომ? რატომ? 20 თეთრი კი არა, ბევრი მილიონიც კი ღირს ამად? ჰოდა, ახლა, რა გავაკეთო მე, ჩემნაირმა ადამიანებმა, ვისაც სისხლში გვაქვს სხვების დახმარება? ძალიან მაწუხებს მომხდარი, ძალიან. მადლობა ყველას, ვინც ჩემი გულწრფელი ემოცია დაინახეთ ამ და იმ სტატუსში, რომელიც სიმართლის გარკვევისთანავე წავშალე!“