მუსიკალური საერთაშორისო ფესტივალი Tbilisi open air 2023 დასრულდა
მუსიკალური საერთაშორისო ფესტივალი Tbilisi open air 25 ივნისს დასრულდა.
ღია ცის ქვეშ, ცოცხალი მუსიკის თანხლებით, მძაფრი ემოციებისა და დაუვიწყარი მოგონებების შეგროვების ტრადიცია 2023 წელსაც გაგრძელდა.
თბილისმა, კავკასიის რეგიონში მასშტაბურ მუსიკალურ ღონისძიებას უკვე მეთოთხმეტედ უმასპინძლა.
3 დღის განმავლობაში 4 საფესტივალო სცენა დაიკავეს უცხოელმა და ქართველმა შემსრულებლებმა. არტისტებს შორის იყვნენ Tom Odell, Kaleo, Moderat, Rejjie Snow, Imany, Ben Klock.
მთავარ სცენაზე ქართველი ბენდებიც გამოჩნდნენ: Bedford Falls, Circus Mircus, Skazz და სხვები.
ოუფენ ეარის მთავარი მიზანი ალტერნატიული მუსიკის მოყვარულების ერთ სივრცეში გაერთიანებაა, რადგან როგორც ორგანიზატორები ამბობენ, მუსიკა ათავისუფლებს.
ფესტივალზე სტუმრებს, მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა სივრცეში შეეძლოთ განტვირთვა.
ფესტივალი 2009 წელს Altervision Group-ის ინიციატივით დაარსდა და მას შემდეგ კავკასიის რეგიონში ყველაზე მასშტაბური მუსიკალური ღონისძიებაა. ამ პერიოდის განმავლობაში, Tbilisi Open Air-მა 1000- მდე მუსიკოსს უმასპინძლა. მათ შორის იყვნენ მსოფლიო დონის ისეთი არტისტები და ჯგუფები როგორებიცაა: Deep Purple, Placebo, DDT, Archive, Tricky, UNKLE, Sevdaliza, Roman Flugel.