"ნუცას ამ ნაბიჯს ვერაფრით ვამართლებ... რომ მცოდნოდა, მიდიოდა, აუცილებლად ვურჩევდი, რომ არ წასულიყო" - ზაზა შენგელია
"რაც უნდა ახლო მეგობრის დაბადების დღე ყოფილიყო, მე პირადად, მის ადგილას არც ამ წვეულებაზე არ წავიდოდი, და რომ მცოდნოდა, რომ მიდიოდა, აუცილებლად ვურჩევდი, რომ არ წასულიყო" - ამის შესახებ "ბრავო რეკორდსის" დამფუძნებელი ზაზა შენგელია სოციალურ ქსელში წერს, რითაც ნუცა ბუზალაძის მიერ მოსკოვურ წვეულებაზე შესრულებულ სიმღერას ეხმაურება.
მისი თქმით, დღეს რუსეთში ნებისმიერ რანგში ქართველი მომღერლის ან მუსიკოსის გამოსვლა არის არასწორი და მიუღებელი.
"ნუცა ბუზალაძემ, ნიჭიერების გარდა, მან ნამდვილად ბევრი იშრომა და მის მიერ American Idol-ში მიღწეული წარმატება მართლაც უპრეცედენტოა თავისი მასშტაბებით და ის ნამდვილად არის პირველი არაამერიკელი, რომელმაც ამ პრესტიჟული მეგაშოუს ისტორიაში ფინალამდე შეძლო გასვლა. მე ნამდვილად არ ვარ არც მისი მენეჯერი და არც პროდიუსერი, თუმცა ამერიკიდან მისი დაბრუნების შემდეგ გვქონდა საუბარი ცალკეულ ერთობლივ სამომავლო პროექტებზე, სწორედ ამ საუბრის დროს შევიტყვე მისგან, რომ ტელეშოუს დამთავრების შემდეგ მან ხელი მოაწერა კონტრაქტს 2 ალბომის ჩაწერაზე ჰოლივუდში, რაც ნებისმიერი მუსიკოსისათვისაა საოცნებო. ასევე მან მითხრა, რომ ჰქონდა შემოთავაზებები რუსეთიდან, მაგრამ ის არ აპირებდა რუსებთან მუშაობას...
მოსკოვში შემდგარ წვეულებასთან დაკავშირებით მან განცხადება გააკეთა და ბოდიშიც მოიხადა, თუმცა რაც უნდა ახლო მეგობრის დაბადების დღე ყოფილიყო, მე პირადად, მის ადგილას არც ამ წვეულებაზე არ წავიდოდი და რომ მცოდნოდა, რომ მიდიოდა, აუცილებლად ვურჩევდი, რომ არ წასულიყო…ნუცას ამ ნაბიჯს ვერაფრით ვერ ვამართლებ. დღეს რუსეთში ნებისმიერ რანგში ქართველი მომღერლის ან მუსიკოსის გამოსვლა არის არასწორი და მიუღებელი. მან ამ ნაბიჯით გული ატკინა თავისი გულშემატკივრების დიდ ნაწილს, ვინც მას გულით უჭერდა მხარს..." - წერს ზაზა შენგელია.