როგორ გამოიყურება შიგნიდან და რა ტექნოლოგიით არის აღჭურვილი წყალქვეშა ნავი “ტიტანი“, რომელიც მგზავრებთან ერთად გაუჩინარდა
The Daily Caller-მა კანადაში, ნიუფაუნდლენდის სანაპიროსთან, "ტიტანიკის" ნამსხვრევების სანახავად ექსპედიციაში წასული ტურისტული წყალქვეშა ნავის მახასიათებლების დეტალური აღწერის ვიდეო გამოაქვეყნა.
როგორც ჟურნალისტი ვიდეოში აცხადებს, წყალქვეშა ნავს ერთი “საპირფარეშო“, ფანჯარა და რამდენიმე სენსორული ეკრანი აქვს. ნავის მართვა კი ერთგვარი “სათამაშო“ პულტით არის შესაძლებელი. მისი გადაადგილება ღილაკებით შეიძლება.
წყალქვეშა ნავის, სახელად "ტიტანის" ბორტზე ხუთი ადამიანი იმყოფებოდა. დადასტურებულად, ჯერჯერობით სამის ვინაობა არის ცნობილი. ესენი არიან ბრიტანელი მილიარდერი, ბიზნესმენი და მკვლევარი, 59 წლის ჰამიშ ჰარდინგი, ასევე - პაკისტანელი ბიზნესმენი შაჰზადა დაუდი ვაჟთან, სელეიმან დაუდთან ერთად.
სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ გუშინ, 21 ივნისს, მაშველებმა სიღრმიდან გარკვეული ხმები დააფიქსირეს.