"რა დავაშავე, რატომ მაკავებთ?.. რანაირად დავმშვიდდე? აზრზე არ ხართ, ვის აკავებთ" - რა ვიდეო ვრცელდება ბათუმიდან
სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბათუმში მამაკაცს შეცდომით აკავებდნენ.
"ყველამ იცით, რომ ჩემს "ფეისბუქგვერდზე" მსგავს ვიდეოჩანაწერს ვერ ნახავთ და არც გამოვირჩევი რადიკალური ან აგრესიული დამოკიდებულებით პოლიციელების მიმართ, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა ყველამ უნდა გაიგოს, რა მოხდა ჩემს საადვოკატო ოფისთან. მოქალაქე კონსულტაციაზე მოვიდა თანმხლებ პირთან ერთად.
გარეთ გამოსულს თავს დაესხნენ პოლიციის თანამშრომლები და უმტკიცებდნენ, რომ თითქოს მისი დაკავების განჩინება იყო გამოცემული სასამართლოს მიერ. ვუხსნი მათ, რომ ეს ის პირი არ არის, ვისი დაკავებაც სურდათ. ფაქტია, რომ სულ სხვა პირი იდგა მათ წინაშე, თუმცა უშედეგოდ. ყველაზე შემაძრწუნებელი კი ამ მოქალაქის შეშინებული თვალები და გამომეტყველება იყო. ვერც კი გაერკვია, თუ რა ხდებოდა მის თავს. ოფისის გარე სამეთვალყურეო კამერებით დავადგინე, რომ დღეს მთელი დღეა ესენი ჩემს ოფისთან დაძრწიან და ვიღაცას ეძებენ.
საქმე იმაშია, რომ ეს მასკარადი ამ პოლიციელებმა მოაწყვეს ჩემი საადვოკატო ოფისის წინ! რაც ჩემთვის, როგორც ადვოკატისთვის, ძალზე საწყენი და მიუღებელია.
მე ამას ვაფასებ, როგორც ადვოკატის უპატივცემულობას! მათ ძალიან მარტივად შეეძლოთ სხვა ადგილას, სხვა ვითარებაში გამორკვეულიყვნენ. დაე, იხილონ თავიანთი თავი პოლიციის იმ თანამშრომლებმა, რომლებმაც დღეს ეს უმსგავსო საქციელი ჩაიდინეს. ბოლოს პოლიციის ხელმძღვანელმა განმუხტა სიტუაცია და უსაყვედურა კიდეც მათ, რომ ეს მოქალაქე ის არ იყო, ვინც უნდა დაეკავებინათ!" - წერს ადვოკატი თემურ ქავშბაია.