უმძიმესი ფაქტები, რომლებიც თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში ხდებოდა - სმენადაქვეითებულ ბავშვებზე, სავარაუდოდ, სექსუალურად ძალადობდნენ და ვიდეოებს უღებდნენ
"შშმ ქალთა ორგანიზაციის" ხელმძღვანელის, დეა ერემაშვილის განცხადებით, თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში სმენადაქვეითებულ პირთა თემში არასრულწლოვან გოგონებს, სავარაუდოდ, სექსუალურად ავიწროებდნენ.
ამის შესახებ დეა ერემაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ერთ-ერთმა სმენადაქვეითებულმა პირმა მომხდარის შესახებ სოციალურ ქსელში ღიად ისაუბრა.
დეა ერემაშვილის თქმით, მსგავსი ფაქტები, სავარაუდოდ, 3 წელია ხდება, ხოლო საუბარია 8- დან 18 წლამდე გოგონებზე.
არასამთავრობო ორგანიზაციამ ფაქტის შესახებ პროკურატურას უკვე მიმართა.
როგორც დეა ერემაშვილი აცხადებს, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი დღეს პოლიციის განყოფილებაშია დაბარებული. მისი თქმით, არსებობს 27-ზე მეტი ვიდეოჩანაწერი, რომლებსაც სამართალდამცველებს წარუდგენენ.
დეა ერემაშვილის თქმით, არასრულწლოვან გოგონებზე სექსუალური ხასიათის შევიწროებას იმავე თემში, სავარაუდოდ, „ავტორიტეტული პირები“ ახდენდნენ. ორგანიზაციის ინფორმაციით, დაზარალებულ გოგონებს სექსუალური ხასიათის ვიდეოების გადაღებას და გაგზავნას სთხოვდნენ, თუმცა იყო სექსუალური ძალადობის შემთხვევებიც, მათ შორის, გაუპატიურების ფაქტიც.
„ერთ-ერთი სმენადაქვეითებული პირის „ინსტაგრამგვერდზე" სმენადაქვეითებული პირები მსგავს ფაქტს განიხილავდნენ, რაც ორგანიზაციამ აღმოაჩინა. მტკიცებულებებს დღეს სამართალდამცველებს წარვუდგენთ. ვიდეოების ნაწილში დაზარალებულები კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობენ. ვიდეოებს „ჩატებშიც“ აზიარებდნენ. გოგონების შევიწროების გარდა, სავარაუდოდ, მათზე ძალადობის და გაუპატიურების შემთხვევებიც იყო“, - განაცხადეს ბრიფინგზე.
ავტორი: მარიკო კეკელიძე