სასამართლომ ქობულეთში, სოფელ ლეღვაში 20 წლის ბიჭის მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის მამა პატიმრობაში დატოვა
ბათუმის საქალაქო სასამართლომ ქობულეთში, სოფელ ლეღვაში 20 წლის ბიჭის მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის მამა პატიმრობაში დატოვა.
გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მიიღო.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულ ალექსანდრე ბაჟუნაიშვილის მამა, გიორგი ბაჟუნაიშვილი, მოწმეებზე ზემოქმედებას და შანტაჟს ახორციელებდა.
ასევე მოწმეებს ცრუ ჩვენების მიცემას აიძულებდა. აღსანიშნავია, რომ ბრალდებული ალექსანდრე ბაჟუნაიშვილი მიმალვაში იმყოფება. მკვლელობის საქმეზე კიდევ სამი პირია დაკავებული.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, ქობულეთში, სოფელ ლეღვაში სტადიონთან 20 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს. როგორც ადგილობრივებმა „ინტერპრესნიუსთან” განაცხადეს, რამდენიმე დღიანი ძებნის შემდეგ მისი ცხედარი დამარხული ნახეს. ადგილობრივების ცნობით, ახალგაზრდა მამაკაცი ამავე სოფელში მეგობართან ერთად სტუმრად იმყოფებოდა. მომხდართან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამი პირი დააკავა, ერთს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.