"გადატენა და თავთან დაიდო იარაღი" - რას ჰყვება ახალგაზრდა გოგო მძიმე ამბავზე
ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე, სასაზღვრო ზონაში, საქართველოს ერთ-ერთმა მესაზღვრემ უმისამართოდ გაისროლა ცეცხლსასროლი იარაღიდან. ნანუკა ავლიანი, რომელიც გასროლის დროს კარავში იმყოფებოდა, მომხდარს დეტალურად იხსენებს: მისი თქმით, მესაზღვრე არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
ნანუკას თქმით, ორივე კოტეჯი და კარვები ხალხით იყო სავსე, თუმცა გარეთ გამოსვლა ვერ შეძლეს.
"სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ვაშლოვანის ნაკრძალში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლის მიერ ტურისტების მიმართ შესაძლო არასათანადო მოპყრობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ გამოყენების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება დაიწყო.
გამოძიების დაწყების საფუძველი 2023 წლის 29 მაისს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მედიის წარმომადგენლის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია გახდა, რომლის მიხედვითაც, 2023 წლის 28 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელმა ვაშლოვანის ეროვნული პარკის მიმდებარედ განთავსებული ტურისტების კარვების მისამართით, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით გასროლა განახორციელა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური, სწრაფი, ეფექტიანი და ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად, ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ატარებს".