"პაატა, ნუ ტლიკინებ! ჩაიგდე ხმა-მეთქი" - მამუკა მდინარაძე პაატა მანჯგალაძეს
ჩაიგდე ხმა-მეთქი, რომ გამოხვედი და დემაგოგობ, გაგიტარე. ნუ ტლიკინებ! - ასე მიმართა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ, „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრ პაატა მანჯგალაძეს პარლამენტის სხდომათა დარბაზში.
მანამდე კი სიტყვიერი დაპირისპირება პაატა მანჯგალაძესა და „ქართული ოცნების“ წევრს, მიხეილ ყაველაშვილს შორის მოხდა.
ყაველაშვილის უკმაყოფილება მანჯგალაძის მიერ პლენარულ სხდომაზე გაკეთებულმა განცხადებამ გამოიწვია, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ხელისუფლება რუსეთზე დამოკიდებულებას ყოველდღიურად ზრდის იმ იმედით, რომ „ქართველი პურის სანაცვლოდ თავისუფლებას დათმობს“.
„წადი, აიღე იარაღი, აგერ არიან 30 კილომეტრში. 30 კილომეტრში არიან, წადი, თუ რამის თავი გაქვს და გააკეთე. გამომივიდა ეს პატრიოტი. როდემდე უნდა ატყუოთ ეს ხალხი, ვინ ხართ თქვენ, უსამშობლო, უჯიშო ხალხი ხართ. რომელი ქვეყნის დამოუკიდებლობის და ეროვნულ დღესასწაულზე გინახავს სხვა დროშა?“ - მიმართა ყაველაშვილმა მანჯგალაძეს.
სიტყვიერი შეკამათება სხდომათა დარბაზში მამუკა მდინარაძესა და პაატა მანჯგალაძეს შორის ყაველაშვილის ამ განცხადების შემდეგ მოხდა.