რა განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა სალომე ზურაბიშვილის საყვედურის საპასუხოდ?
მე რა თქმა უნდა, ქალბატონ პრეზიდენტს არ ვუპასუხებ ამ ტრიბუნიდან, მინდა მას წარმატებული დღე ვუსურვო, - ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომელიც მან საგარეო საქმეთა სამინისტროში „დიასპორის ფორუმი 2023“-ზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
სალომე ზურაბიშვილის მიერ პროტოკოლთან დაკავშირებულ შენიშვნაზე ღარიბაშვილმა საპასუხოდ განაცხადა, რომ „მთავრობას ჰყავს ძალიან კვალიფიციური პროტოკოლის სამსახურის უფროსი“.
ცნობისთვის, დღეს, საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პროტოკოლის დარღვევაზე ისაუბრა. ზურაბიშვილის შეფასებით, „ეს არის პირველი უაზრო დაპირისპირების საგანი“. პრეზიდენტმა ასევე გააკრიტიკა თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და აღნიშნა, რომ „არ შეიძლება 26 მაისს თავდაცვის მინისტრი ჯერ პრემიერს მიესალმოს და მერე პრეზიდენტს, უმაღლეს მთავარსარდალს“.