"მოსახლეობა შეშინებული და შეშფოთებულია, ჩივილები ჰქონდათ" - რას ამბობს ასპინძის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ბრუცელოზის შემთხვევების შესახებ?
„მოსახლეობა შეშინებული და შეშფოთებულია, ჩივილები ჰქონდათ. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს ვთხოვეთ დახმარება. გამოგზავნეს ჯგუფი, აიღეს ანალიზები“, – ამბობს „სამხრეთის კარიბჭესთან“ ასპინძის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი მზია პაპაშვილი.
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ საყუდაბელში ბრუცელოზია გავრცელებული, დაავადება პირუტყვიდან 12 ადამიანს გადაედო. მათი ნაწილი ამ დრომდე კლინიკაშია, ნაწილი კი სახლში აგრძელებს მკურნალობს.
მზია პაპაშვილი ამბობს, რომ გამოკვლევა 80-ზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა, მათგან ბრუცელოზი 12-ს დაუდასტურდა.
მისივე თქმით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომლები საყუდაბელში ორჯერ იმყოფებოდნენ 3 და 8 მაისს.
ბრუცელოზი ადამიანზე დაავადებული პირუტყვის ხორციდან და რძის ნაწარმიდან გადადის.
ბრუცელოზი ქრონიკულად მიმდინარე ზოონოზური ინფექციური დაავადებაა, რომლითაც ავადდება მრავალი სახეობის ცხოველი და ადამიანი. დაავადება ვრცელდება ინფიცირებულ ცხოველთან კონტაქტის ან/და მისგან მიღებული პროდუქტის გამოყენებით.
ადამიანებში ხშირია დაავადების უსიმპტომო მიმდინარეობა. ინკუბაციური (ფარული) პერიოდი გრძელდება ერთი კვირიდან რამდენიმე თვემდე. ახასიათებს: ცხელება, ზოგადი სისუსტე, სახსრების, კუნთების და თავის ტკივილი, ოფლიანობა, წონის დაკლება, უძილობა, დეპრესია და სხვა.