რა არის ბრუცელოზი, რომლითაც ახალციხეში 11 წლის ბავშვი დაავადდა
რა არის ბრუცელოზი?
ბრუცელოზი ქრონიკულად მიმდინარე ზოონოზური ინფექციური დაავადებაა, რომლითაც ავადდება მრავალი სახეობის ცხოველი და ადამიანი. დაავადება ვრცელდება ინფიცირებულ ცხოველთან კონტაქტის ან/და მისგან მიღებული პროდუქტის გამოყენებით.
რომელი ცხოველები ავადდებიან ბრუცელოზით?
ბრუცელოზით ავადდება როგორც შინაური, ასევე გარეული ცხოველი, მაგრამ დაავადების მიმართ განსაკუთრებით ამთვისებელია მსხვილფეხა საქონელი, ცხვარი, თხა და ღორი.
რა საფრთხეს წარმოადგენს ბრუცელოზი ადამიანებისათვის?
ბრუცელოზი, ძირითადად, პროფესიული დაავადებაა და გვხვდება ვეტერინარებში, მონადირეებში, მწყემსებში, ფერმერებში, ლაბორატორიაში მომუშავე პერსონალში. ბრუცელოზით ასევე შესაძლებელია დაავადდეს ადამიანი, რომელიც იღებს თერმულად დაუმუშავებელ ცხოველურ პროდუქტს.
როგორ მოვიქცეთ ცხოველებში დაავადებაზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში?
დაავადებაზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში (აბორტის დროს), არ შეეხოთ ცხოველს შიშველი ხელებით, თვითნებურად არ დამარხოთ ან გადააგდოთ აბორტირებული ნაყოფი, დაუკავშირდით ვეტერინარ ექიმს, რომელიც აიღებს ნიმუშს და დიაგნოსტირებისათვის ლაბორატორიაში გადააგზავნის.