loader

"ბაზარში ნაყიდი ყველი ჭამა, აქედან გადავიდა დაავადება... საშიში გახდა გლეხისგან ყველის ყიდვა!" - ახალციხეში 11 წლის ბავშვი ბრუცელოზით დაავადდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ბაზარში ნაყიდი ყველი ჭამა, აქედან გადავიდა დაავადება... საშიში გახდა გლეხისგან ყველის ყიდვა!" - ახალციხეში 11 წლის ბავშვი ბრუცელოზით დაავადდა

ახალციხეში 11 წლის ბავშვი ბრუცელოზით დაავადდა. ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.

როგორც ახალციხის საკრებულოს დეპუტატი ამბარცუმ ბაბოიანი ამბობს, ბავშვს სიმპტომები ახალციხის ბაზარში ნაყიდი ყველის ჭამის შემდეგ გამოუვლინდა.

მისი მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია, თუმცა ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება.

"ახალციხის ბაზარში ნაყიდი ყველი ჭამა, უმარილო. აქედან გადავიდა დაავადება. თავიდან ექიმებმაც ვერ გაიგეს. 10–15 დღე სხვა რამეზე მკურნალობდნენ, 40 გრადუსამდე ასდიოდა ტემპერატურა. სახსრების ტკივილი და სისუსტე ჰქონდა. ბოლოს ლუგარის ლაბორატორიამ დაადგინა, რომ ბრუცელოზი იყო. 15 დღე „პედიატრიულ პრივატ კლინიკაში“ ვიყავით. დაახლოებით 25 აპრილს გამოუვლინდა სიმპტომები ბავშვს და დღემდე სიცხეები აქვს, ვმკურნალობთ. ძალიან ძნელი დასადგენი დაავადებაა",–ამბობს ამბარცუმ ბაბონიანი.

ბრუცელოზი ადამიანზე დაავადებული პირუტყვის ხორციდან და რძის ნაწარმიდან გადადის. დეპუტატის თქმით, აღნიშნულ საკითხზე ინფორმაცია მოსახლეობაში სწრაფად უნდა გავრცელდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ არის გამორიცხული, რომ სხვა ადამიანებიც დაავადდნენ. იგი გეგმავს, სურსათის უვნებლობის სამსახურს უახლოეს პერიოდში მიმართოს.

"ძალიან საშიში გახდა გლეხისგან ყველის ყიდვა. როგორც ინფექციურ საავადმყოფოში ამიხსნეს, როცა ყველი ქარხანაში კეთდება და რძის ტემპერატურა ადის მაღალ გრადუსზე, ვირუსი კვდება. სახლის პირობებში 20 გრადუსამდეც არ არის და ამით ვირუსი ცოცხალი რჩება. მინდა, რომ ფრთხილად იყოს მოსახლეობა. ეს ისეთი დაავადებაა, რომ თუ დროული ყურადღება არ მიაქციე, ადამიანი შეიძლება დაიღუპოს. ჩვენს რეგიონში შემთხვევები ფიქსირდება და მგონია, რომ ეს ბევრმა არ იცის. ამის გამო შესაძლოა უბედური შემთხვევაც მოხდეს“,–აცხადებს ის.

ბრუცელოზი ქრონიკულად მიმდინარე ზოონოზური ინფექციური დაავადებაა, რომლითაც ავადდება მრავალი სახეობის ცხოველი და ადამიანი. დაავადება ვრცელდება ინფიცირებულ ცხოველთან კონტაქტის ან/და მისგან მიღებული პროდუქტის გამოყენებით.

ადამიანებში ხშირია დაავადების უსიმპტომო მიმდინარეობა. ინკუბაციური (ფარული) პერიოდი გრძელდება ერთი კვირიდან რამდენიმე თვემდე. ახასიათებს: ცხელება, ზოგადი სისუსტე, სახსრების, კუნთების და თავის ტკივილი, ოფლიანობა, წონის დაკლება, უძილობა, დეპრესია და სხვა.