"ერთად მოვითხოვოთ ნიკა გვარამიას თავისუფლება!" - ენმ 27 მაისის აქციას პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან გამართავს
"ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშილის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტმა საკუთარი სიტყვები ქმედითი ნაბიჯებითა და მის ხელთ არსებული ბერკეტების გამოყენებით უნდა დაამტკიცოს, რაც ნიკა გვარამიას გათავისუფლებას გულისხმობს.
როგორც ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, დროა, საქართველოს პრეზიდენტმა შეასრულოს მთელი ცივილიზებული სამყაროსა და ქართველი ხალხის წინაშე დადებული პირობა, საქართველოს ევროპული მომავლის დაცვასთან დაკავშირებით.
„ერთ წელიწადზე მეტია ნიკა გვარამია აბსოლუტურად უკანონო პოლიტიკური დევნის მსხვერპლია, რაზეც ჩვენი დასავლელი პარტნიორები და მეგობრებიც პირდაპირ მიუთითებენ.
„რუსული ოცნება“ ჩვენი სახელმწიფოს ევროინტეგრაციის საბოტაჟს მიზანმიმართულად ეწევა და განზრახ არ ასრულებს ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გაცემულ 12 რეკომენდაციას, რომელთაგან ერთ-ერთი მედიაგარემოს გაჯანსაღებასთან არის დაკავშირებული.
იმ ვითარებაში, როდესაც ნიკა გვარამია საპატიმროში ბიძინა ივანიშვილის პირად ტყვეობაში რჩება, რთულია ვისაუბროთ რაიმე წინგადადგმულ ნაბიჯზე.
ამ ვითარებაში, დროა, საქართველოს პრეზიდენტმა შეასრულოს მთელი ცივილიზებული სამყაროსა და ქართველი ხალხის წინაშე დადებული პირობა, საქართველოს ევროპული მომავლის დაცვასთან დაკავშირებით. მან საკუთარი სიტყვები ქმედითი ნაბიჯებითა და მის ხელთ არსებული ბერკეტების გამოყენებით უნდა დაამტკიცოს, რაც ნიკა გვარამიას გათავისუფლებას გულისხმობს.
ვიკრიბებით 27 მაისს, 18:00 საათზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან! ერთად მოვითხოვოთ ნიკა გვარამიას თავისუფლება!“, - წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.