"ყველანი გაგიჟებული ვართ ამ ამბით! რატომ ჩაიდინეს?! ოჯახი გაანადგურეს" - რას ამბობენ ადგილობრივები მარნეულში ტაქსის მძღოლის სასტიკ მკვლელობაზე
ამ დრომდე ეძებენ პირს, რომელიც მკვლელობაში ბრალდებულებს ტაქსის მძღოლის ცხედრის გადამალვაში დაეხმარა - მარნეულში მომხდარი სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები.
მოკლულია 53 წლის შოთა ლორია. შსს-მ 22 წლის და 18 წლის ბიჭები დააკავა.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ნ.ა.-მ, ა.ა.-მ და მათმა თანმხლებმა პირმა თბილისიდან მარნეულის მიმართულებით ტაქსით გადაადგილებისას აღნიშნული ავტომობილის დაუფლების და ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით ტაქსის მძღოლის - 1969 წელს დაბადებული შ.ლ.-ს მოკვლა განიზრახეს. ბრალდებულებმა მას ავტომანქანა გააჩერებინეს, რის შემდეგაც მოკლეს, კვალის დაფარვის მიზნით კი მოკლული მამაკაცის ცხედარი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტში, ერთ-ერთი მდინარის ნაპირზე დამარხეს. ბრალდებულები უკანონოდ დაუფლებული ავტომობილით მარნეულის მუნიციპალიტეტში, თავიანთ სახლში წავიდნენ და იქვე მდებარე საკუთარ ავტოსახელოსნოში კვალის დაფარვის მიზნით აღნიშნული ავტომობილის ნაწილებად დაშლა დაიწყეს" - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
ვიდეო: "მთავარი არხი"