კადრები ბელგოროდიდან, სადაც უკრაინის დაზვერვის ცნობით, რუსები ტერიტორიის ე.წ. პუტინის რეჟიმისგან გასათავისუფლებლად სპეცოპერაციას ახორციელებენ
ბელგოროდის ოლქის ტერიტორიაზე „რუსეთის თავისუფლების ლეგიონისა“ და „რუსეთის მოხალისეთა კორპუსის“ წარმომადგენლები სპეცოპერაციას ახორციელებენ, რომლის მიზანია შეიქმნას „უსაფრთხო ზონა“ მშვიდობიანი უკრაინელების დასაცავად, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა ანდრეი იუსოვმა განაცხადა.
მისი თქმით, ოპერაციას რუსეთის მოქალაქეები ახორციელებენ.
„დიახ, დღეს „რუსეთის მოხალისეთა კორპუსმა“ და „რუსეთის თავისუფლების ლეგიონმა“, რომელიც შედგება რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისგან, წამოიწყეს ოპერაცია ბელგოროდის ოლქის ამ ტერიტორიების ე.წ. პუტინის რეჟიმისგან გასათავისუფლებლად და მტრის უკან დახევის მიზნით, რათა შექმნან უსაფრთხოების გარკვეული ზონა უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად“, - განაცხადა იუსოვმა.
შეგახსენებთ, მანამდე რუსეთის ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა, რომ უკრაინის არმიის "დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფი" რუსეთის ტერიტორიაზე გადავიდა და „რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები სასაზღვრო სამსახურთან, ეროვნულ გვარდიასთან და რუსეთის უსაფრთხოების სამსახურთან ერთად ახორციელებენ აუცილებელ ზომებს მტრის ლიკვიდაციისთვის“.