“რუსი ტურისტი ყველაზე ცუდი ტურისტია, რომელიც ნაგავს დაგიყრით ისტორიულ ძეგლებთან... ერთ დღესაც კორპუსთან მიხვალთ და თქვენზე მდიდარი რუსი გეტყვით, რომ მან უკვე იყიდა საპარკინგე ადგილი“ - რას წერს ვახო სანაია
“როგორ ცდება ყველა ის ქართველი, რომელსაც ჰგონია, ისარგებლებს რუსით და პუტინი არჩენს.
რუსს მეტი ფული აქვს, ვიდრე ქართველს. თავადვე აფუძნებენ აქ ბიზნესს. თავად გახსნიან ტურისტულ კომპანიებს. თავად შემოჰყავთ საკუთარი ავტობუსებით ტურისტები და კიდევ ღმერთმა იცის, ვინ. თავად არიან გიდებიც, რომლებიც ადგილობრივ გიდებს სამუშაო ადგილებს ართმევენ და ჩამოყვანილ რუსებს ისე უყვებიან საქართველოს ისტორიას, როგორც რუსეთს აწყობს. თავად გახსნიან ქართულ რესტორნებს. თავად გააქირავებენ უკვე ნაყიდ ბინებს. თავად გახსნიან სასტუმროებს. გადაგვყლაპავენ.
რუსი ტურისტი ყველაზე ცუდი ტურისტია, რომელიც ნაგავს დაგიყრით ისტორიულ ძეგლებთან. ერთ დღესაც რუსის მოსამსახურე ერი გავხდებით, თუ ასე გაგრძელდა. ცოტა მერე კი მომსახურე პერსონალადაც აღარ დავჭირდებით. დაგვრჩება ერთადერთი ფუნქცია - ვუმღერებთ, ვუცეკვებთ, მწვადს შევუწვავთ. მეტი საქმე არა აქვს რუსეთს, ქართველებზე იზრუნოს.
ჩვეულებრივი უკანა ეზო ვიქნებით, სადაც გამდიდრდებიან რუსები და ხელისუფლება, რომელსაც რაღაც წილს მიუგდებენ, რომ პოლიცია რუსების დამცველებად აქციოს, საჯარო სამსახური კი რუსების მომსახურების სექტორად. ჩვენი გადახდილი გადასახადებით დაფინანსებულ სახელმწიფო სამსახურებს ოკუპანტების სამსახურში ჩააყენებენ. რუსეთიდან თვითმფრინავით ჩამოსულებს აეროპორტში ტაქსის თავიანთი კომპანიები დახვდებიან. ეს ზოგიერთს გგონიათ აქ, რომ თქვენ გაგიხსნათ პუტინმა ფრენები.
ერთ დღესაც კორპუსთან მიხვალთ და თქვენზე მდიდარი რუსი გეტყვით, რომ მან უკვე იყიდა საპარკინგე ადგილი და სადმე სხვაგან დააყენოთ თქვენი მანქანა. ხშირია უკვე ასეთი ფაქტები. ეს ქვეყანა მათი ბიზნესი გახდება, ჩვენ კი წავალთ საზღვარგარეთ სამუშაოდ. ვინც ამას ვერ ხვდება, მალე მიხვდება და მერე გვიანი იქნება.
სამი მილიონი ვართ. ესენი ტურისტები კი არ არიან, რომლებიც მოდიან და უკან ბრუნდებიან, არამედ ჩვეულებრივად იპყრობენ ქვეყანას.“ - წერს ვახო სანაია.