"გამწარებული დედის საშინელმა კივილმა შეძრა სოფელი..." - რას წერს დაღუპული პოლიციელის ახლობელი?
"საშინელი დილა გაუთენდა დღეს ჩემს მშობლიურ სოფელს, გამწარებული დედის საშინელმა კივილმა შეძრა სოფელი... დილა უთენია პირი გააღო საშინელმა ბნელმა სიკვდილმა და ორი ახალგაზრდა შეიწირა..." - ამის შესახებ ქარელში დაღუპული პოლიციელის, ვანო ვანო ბასანიძის ახლობელი ნატალია კახიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გორი-ქარელის მონაკვეთზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას შსს-ს თანამშრომელები - ვანო ბასანიძე და ომარ ქარელი ემსხვერპლნენ. არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი 30 წლამდე ასაკის მამაკაცი მართავდა, ავტომაგისტრალზე გაჩერებულ საპატრულო ეკიპაჟს შეეჯახა. შსს-ს ცნობით, დამნაშავე -1993 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი გ.ლ დაკავებულია.
"ორივე კარგი ბიჭი... ჩვენი ვანო, კეთილგულა ბიჭი იყო, მამაჩემის ნათლული, უბოროტო და ალალი... დიდი სხეულით დაჰქონდა ესოდენ დიდი გული... მშვიდი, უწყინარი და კარგი მეგობარი იყო, ერთად დავდიოდით მათემატიკის წრეზე და მისი ფარული იუმორი ხასიათს მიკეთებდა ყოველთვის...
ალალი ბიჭი იყო ვანო, გაიზარდა, უმაღლესი დაამთავრა და საპატრულოში დაიწყო მუშაობა... ბოლო პატრულირება მისთვის მძიმე და საბედისწერო აღმოჩნდა, იმიტომ რომ კიდევ ერთმა მთვრალმა მძღოლმა იმსხვერპლა ჩვენი ვანო და მისი მეწყვილე...
კიდევ ერთმა არადამიანმა, ჩემს მეზობელ სოფელსაც შავი მეხი დაატეხა თავს... იქაც მიასვენეს ვანოს მეწყვილე, იქაც დედის კივილმა შეძრა სოფელი...
ვტირით და ვგლოვობთ ჩვენს ბიჭებს, ვიღაც კი ამ დროს ისევ უჯდება ნასვამი საჭეს და ისევ მორიგ მსხვერპლს აქცევს გვამად...
უბედური დღე გათენდა ჩემს სოფელში, ჩემი პატრა სკოლის ზარი დღეს არ დაირეკება... ყველა ვგლოვობთ ვანოს, ჩვენს კეთილგულა ბიჭს..." - წერს ნატალია კახიაშვილი.