"კითხვები დაისვა ძირითადად ტელეფონთან დაკავშირებით" - თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ყოფილი გამომძიებლის დაკითხვა დასრულდა
თბილისის საქალაქო სასამართლოში 2020 წელს გარდაცვლილი პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ყოფილი გამომძიებლის სერგო შუბითიძის მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხვა დასრულდა.
ყოფილ გამომძიებელს დაკითხვის შემდეგ კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა ადვოკატმა მარიამ მაღრაძემ განაცხადა, რომ მისმა დაცვის ქვეშ მყოფმა ყველა დასმულ კითხვაზე ამომწურავი პასუხი გასცა.
"კითხვები დაისვა ძირითადად ტელეფონთან დაკავშირებით და ასევე, იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაზეც უკვე ისაუბრა გადაცემაში. ის პირები დასახელდა, რომლებზეც ისაუბრა ეთერში. ამ ეტაპზე მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ", - განაცხადა ადვოკატმა
შეგახსენებთ, რომ თბილისის პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებათა შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო და გამოკითხვაზე გამომძიებელი სერგო შუბითიძე დაიბარა.
პროკურატურის განცხადებით, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმეზე გამომძიებელ სერგო შუბითიძის მიერ „არ ჩატარებულა არცერთი ისეთი საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგიც რაიმე სახის გავლენას მოახდენდა პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილ გარემოებებზე“.
ამასთან, როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, შუბითიძე გამოძიების პერიოდში ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს გმს განყოფილების დეტექტივ-გამომძიებლის თანამდებობას იკავებდა.
ცნობისთვის, ტელეკომპანია "ფორმულასთან" ინტერვიუში გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილმა გამომძიებელმა, სერგო შუბითიძემ განაცხადა, რომ ბაჩალიაშვილის თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა. შუბითიძის განმარტებით, ამ საქმესთან დაკავშირებით ბევრი საეჭვო გარემოებაა.