"ექსპერტიზის დასკვნაში ასახულია 39 დაზიანება, რაც ნიშნავს იმას, რომ გოგონამ საკმაოდ მძიმე გზა გაიარა სიკვდილამდე" - რას ამბობენ დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას დედა და ადვოკატი?
დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას საქმეზე ბავშვის დედას და „უფლებები საქართველოს“ ადვოკატებს ექსპერტიზის პირველადი დასკვნის ასლი გადაეცათ. როგორც ორგანიზაცია „უფლებები საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, ისინი კომპლექსური სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებას მოითხოვენ.
"ექსპერტიზის დასკვნაში ასახულია 39 დაზიანება, რაც ნიშნავს იმას, რომ გოგონამ საკმაოდ მძიმე გზა გაიარა სიკვდილამდე. დაზიანებები მრავლობითია, თითქმის მთელ სხეულზეა. არის სისხლნაჟღენთები და ნაჭდევები, რომლებიც არის სიცოცხლისდროინდელი და გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე არის მიყენებული. რაიმე მკრივი, ბლაგვი საგნით არის მიყენებული დაზიანებები. საჭიროა გამოძიების წინაშე დაისვას ძალიან კრიტიკული კითხვები და დაინიშნოს კომპლექსური სამედიცინო ექსპერტიზა, რომელიც გასცემს პასუხს კითხვას, თუ რა ვითარებაში მიიღო დაზიანება პატარა გოგონამ", - განუცხადა ადვოკატმა "TV პირველს".