"პრემიერო, ღმერთთან შესადარო ადამიანო, გამოდი და დაგვენახე! ნუ გვაქციე სულელ ქალებად" - აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების მშობლების ემოციური მიმართვა
აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების მშობლებმა ღამე კვლავ მთავრობის ადმინისტრაციასთან გაათენეს. ისინი საპროტესტო აქციას დღესაც განაგრძობენ.
მშობლების მთავარ მოთხოვნად საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრა რჩება, რათა მათი შვილების მკურნალობისთვის საჭირო პრეპარატის შეძენა სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსდეს.
ცნობისთვის, ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, თუ სექტემბრის მონაცემებით, ევროკავშირის წევრი რამდენიმე ქვეყანა პასუხისმგებლობას აიღებს და აქონდროპლაზიის ახლად შექმნილ სამკურნალო მედიკამენტს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დააფინანსებს, საქართველო იქნება მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა, რომელიც ამ პასუხისმგებლობას გაიზიარებს და წამლის შესყიდვისთვის საჭირო პროცედურებს განახორციელებს.