“სანადირო თოფიდან სახის არეში დაჭრა და მიიმალა“ - შსს კახეთში მომხდარი მკვლელობის ახალ დეტალებს ავრცელებს
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2005 წელს დაბადებული ბ.ხ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალაქ ახმეტაში, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მომხდარი კონფლიქტის შედეგად, მეზობელი - 1952 წელს დაბადებული ლ.ხ. სანადირო თოფიდან გასროლით სახის არეში დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ლ. ხ. სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ოპერატიული-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ბ.ხ. მომხდარიდან მალევე ცხელ კვალზე, ბრალდებულის სახით დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი, ნივთმტკიცების სახით ამოიღო. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.