“ბიზნესმენები მილიარდდოლარიანი თაღლითობის მიღმა“ - BBC-ის ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში დავით კეზერაშვილი და რამდენიმე ქართველი მოხვდა
BBC-მ მილიარდდოლარიან თაღლითურ სქემასთან დაკავშირებით საგამოძიებო სტატია გამოაქვეყნა, რომლის სათაურია "მილიარდდოლარიანი თაღლითები, რომლებიც მოიპარავენ ცხოვრების განმავლობაში შექმნილ დანაზოგს".
სტატიაში, რომელიც ეძღვნება უპირატესად საპენსიო ასაკის ადამიანების დანაზოგის თაღლითური გზით მითვისებას, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი ერთ-ერთ მთავარ ორგანიზატორად არის მოხსენიებული.
BBC-ის ინფორმაციით, სტატიაზე მუშაობისას მათ დაიწყეს საჯაროდ ხელმისაწვდომი კორპორაციული დოკუმენტების შესწავლა სქემაში ჩართული Milton group-ის კომპანიებს შორის კავშირის დასადგენად. სტატიაში ნათქვამია, რომ ამ პროცესში 5 სახელი გამოიკვეთა - დავით თოდუა, რატი ჭელიძე, გურამ გოგეშვილი, ჯოზეფ მგელაძე და მაიკლ ბენიმინი, რომლებიც მითითებული იყვნენ, როგორც Milton-ის სავაჭრო პლატფორმის ან მხარდამჭერი ტექნიკური კომპანიების ხელმძღვანელებად. BBC -მ ამ ადამიანებიდან ოთხის: ჭელიძის, გოგეშვილის, მგელაძისა და ბენიმინის, გვარებს „პანამა ფეიფერის“ დოკუმენტებშიც მიაგნო.
სტატიაში ნათქვამია, რომ კომპანიები, რომელთა დირექტორებად აღნიშნული პირები არიან დასახელებული, საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს უკავშირდება.