მევლუდ მელაძე კახა კალაძეს მიმართავს - "მინდა ვიფიქრო, რომ ვიღაც ქალაქის ქუჩების "მგეგმარებელი" მაგრად გვეთამაშება ყველას და მათ შორის, ალბათ, თქვენც, ბატონო კახა"
ავტომრბოლელი და სატრანსპორტო პოლიტიკის ექსპერტი მევლუდ მელაძე გმირთა მოედანზე შუქნიშნის დამონტაჟების შესახებ კახა კალაძის განცხადებას ეხმაურება.
"მინდა ვიფიქრო, რომ ვიღაც ქალაქის ქუჩების "მგეგმარებელი" მაგრად გვეთამაშება ყველას და მათ შორის, ალბათ, თქვენც, ბატონო კახა კალაძე და ამაზე თქვენი დღევანდელი (10 აპრილი) გამოსვლის დროს კიდევ ერთხელ დავეჭვდი, როცა ჟვანიას მოედნის რეაბილიტაციაზე აშკარად არასწორად მოწოდებული ინფორმაცია გააჟღერეთ. კერძოდ, მოედანი ბოწკიტებით იყო მოწყობილი, ისე, როგორც ახლა ვაკეთებთო, უბრალოდ ის სიცარიელეები გავამწვანეთო, რეალურად კი ბოწკიტებით აბსოლუტურად სხვაგვარად იყო მოწყობილი, რაც "იმედის" სიუჟეტშიც კარგად ჩანს და ყველამ კარგად იცის, ვისაც ჟვანიას მოედნის გავლა ხშირად უწევდა და უწევს.
ჩემი რჩევა იქნება, ეს საკითხები ყველაზე პრიორიტეტული გახადოთ და უფრო სიღრმისეულად შეისწავლოთ ყველა კვანძი, რომლებსაც ლამაზ ფერებში გთავაზობენ "მგეგმარებლები", ვინაიდან გზების სწორად მოწყობა მოსახლეობისთვის ყველაზე მტკივნეული, ხოლო ქალაქის განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და თან როგორ ორიგინალურ ფერებშიც უნდა იყოს ის გეგმაზე წარმოდგენილი, თავის თავს სააშკარაოზე გამოტანისთანავე ყველას დასანახად ძალიან მარტივად ყიდის" - წერს მელაძე.
ცნობისთვის, თბილისის მერია საცობების შემცირების მიზნით გმირთა მოედანზე ინფრასტრუქტურული ცვლილების განხორციელებას გეგმავს. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განმარტა, კვანძზე შუქნიშნის მოწყობა იგეგმება, რის შედეგადაც ნაკადების დაყოფა მოხდება, რაც გამტარუნარიანობას გააუმჯობესებს. კალაძის თქმით, სამუშაოები უახლოეს ხანებში დაიწყება.