რა სარგებელს მიიღებს საქართველო საკოლექციო ავტომობილების იმპორტით?
„კლასიკურ ავტომობილებთან დაკავშირებით, ჩვენ შემოგვაქვს ევროპული რეგულაციები“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა არჩილ თალაკვაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ბიზნეს პალიტრა“ განაცხადა.
საუბარია საკოლექციო მანქანების პოპულარიზაციის მიზნით „ქართული ოცნების“ მიერ შემუშავებულ ცვლილებებზე.
როგორც არჩილ თალაკვაძე განმარტავს, საკანონმდებლო რეგულაცია მოიცავს 3 ძირითად საკითხს: კერძოდ, კანონში კლასიკური ავტომობილების ცალკე კატეგორიად განსაზღვრას; აღნიშნული ავტომობილების რეგლამენტაციას ისე, რომ მფლობელებს, სერვისში ჩართულ ადამიანებს, ნაკლები ბიუროკრატიული პრობლემები ჰქონდეთ; ასევე, გონივრული საბაჟო ტარიფის დაწესებას.
პარლამენტის ვიცე-სპიკერის განცხადებით, კლასიკური მანქანების პოპულარიზაცია, ეს არის ტურიზმის, ეკონომიკისა და ბიზნესის ნაწილი. შესაბამისად, ქვეყანას სარგებლის მიღება არაერთ ასპექტში შეუძლია.