"პირველადი ინფორმაციით, ცეცხლი მესამე და მეოთხე სართულებზე გაჩნდა" - რას აცხადებს შსს სასტუმრო "ამბასადორში“ გაჩენილ ხანძარზე, რომელიც ლოკალიზებულია
სასტუმრო „ამბასადორში“ გაჩენილი ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია. მეხანძრე-მაშველები ამ წუთებში, ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოებს ახორციელებენ.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.
შენობიდან ადამიანების ევაკუაცია განხორციელდა.
როგორც შინაგა საქმეთა სამინისტროში აცხადებენ ხანძარი მესამე და მეოთხე სართულებს შორის გაჩნდა.
"თბილისში, სასტუმრო „ამბასადორში“ გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 16 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი მუშაობს.მეხანძრე-მაშველები ხანძრის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე გამოცხადდნენ შემთხვევის ადგილზე და დაიწყეს ხანძრის ქრობის სამუშაოები.პირველადი ინფორმაციით, ცეცხლი გაჩნდა 4-სართულიანი შენობის მესამე და მეოთხე სართულებზე.ამ ეტაპზე ადგილზე რჩებიან მეხანძრე-მაშველები და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.ადგილზე ასევე მობილიზებული არიან საპატრულო პოლიციის და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, რომლებიც პერიმეტრს იცავენ." - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, ძლიერი ხანძარი სასტუმროს ბოლო სართულზე გაჩნდა. ცეცხლის გამომწვევი მიზეზები უცნობია. ადგილზე მობილიზებულია ასევე, პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ჯგუფები.