ემოციური მიმართვა ჯანდაცვის მინისტრს - "რა დააშავეს ჩვენმა ბავშვებმა? წარმოიდგინეთ, თქვენს შვილს რომ ასეთი დიაგნოზი ჰქონდეს, ხომ გადადგამდით მთებს?"
აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები ჯანდაცვის სამინისტროსთან მორიგ აქციას მართავენ. ისინი უწყებას მათი შვილებისთვის საჭირო პრეპარატის, voxzogo-ს დაფინანსებას სთხოვენ.
აქციის მონაწილეებს თან მოტანილი ჰქონდათ პლაკატები წარწერით: „ვითხოვთ ჩვენი შვილებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან წამალს!“, „ვითხოვთ ჯანმრთელობის მინისტრთან შეხვედრას“, „ნუ წაართმევთ ჩვენს შვილებს ჯანმრთელობის უფლებას!“
აქციის ერთ-ერთი მონაწილის, ქეთევან ბეგიაშვილის თქმით, თუ ჯანდაცვის სამინისტრო აღნიშნულ წამალს არ დააფინანსებს, მაშინ შესაბამის სამართლებრივ გზას მიმართავენ.