რატომ თქვა ''წყლის ჭავლთან მოცეკვავე" გოგომ მარო მაყაშვილის სახელობის სტიპენდიაზე უარი და რას წერს გიორგი კეკელიძე?
ეროვნული ბიბლიოთეკის დირექატორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება სალომე კენჭიაშვილის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც მან მარო მაყაშვილის სახელობის სტიპენდიაზე უარი თქვა.
"მხოლოდ ფაქტები - სალომე კენჭიაშვილზე "რადიო თავისუფლების" სიუჟეტი ვნახე. სპონტანურად მივწერე ჟურნალისტს და ვუთხარი, რომ ძალიან კარგი გოგოა და ვფიქრობ, რომ ურიგო არ იქნება სტიპენდია დავუნიშნო და ეგებ დამაკავშირო მეთქი.
მომცა ნომერი, დავურეკე და ვახარე. მასაც გაუხარდა. საერთოდ არ ვიცოდი ვისი და იყო და ნათესავი. ან კი რა მნიშვნელობა ჰქონდა. სალომეს სტიპენდია დაერიცხა 17 მარტს (უკან დაგვიბრუნა გუშინ).
ამ ხნის მანძილზე მე ავიტანე საოცარ ცილისწამებათა კასკადი ამ ამბის გამო. გუშინ სალომეს და წერს იმას, რასაც წერს - წაიკითხავდით ცხადია. არცერთ მედიას არ მივცემ კომენტარს, მათ შორის მათაც, ვინც ცდილობს, რომ სტიპენდიატის წინააღმდეგ მალაპარაკოს - სალომე არის შესანიშნავი გოგო და იმსახურებს საუკეთესოს. ჩვენ კი ვაგრძელებთ ჩვენს საქმეებს" - წერს კეკელიძე.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ 7-8 მარტის აქციების ერთ-ერთი სიმბოლო, ტაეკვანდოში ორგზის საქართველოს ჩემპიონი სალომე კენჭიაშვილი გიორგი კეკელიძის მიერ შეთავაზებულ სტიპენდიაზე უარს ამბობს.
ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში მისმა უფროსმა დამ, სოფია კენჭიაშვილმა გაავრცელა. სოფიამ 2021 წელს გიორგი კეკელიძე სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. მისი თქმით, კეკელიძე შიშველი ფოტოების გაგზავნას სთხოვდა.