"რამდენიმე წლის წინ თურმე ამავე ადგილას ბიჭის ცხედარიც უპოვიათ" - 12 წლის გოგონას ბურუსით მოცული ტრაგედია
დიდ დიღომში 17 მარტს, გამთენიისას, 12 წლის გოგონა ანა იანუშაიტიტე გარდაცვლილი ნახეს.
12 წლის გოგონას გარდაცვალების საქმეზე სპეციალისტები რამდენიმე ვერსიას განიხილავენ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოზარდის გარდაცვალების ერთ-ერთ მიზეზად საკვებით გამოწვეული ასფიქსია სახელდება.
არ არის გამორიცხული, შს სამინისტრომ ექსპერტიზის დასკვნის გამოქვეყნების შემდგომ გამოძიების კვალიფიკაცია შეცვალოს, მანამდე კი, ექსპერტიზის დასრულებამდე, უწყება ამ ინფორმაციას ოფიციალურად არ ადასტურებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო კი ჯერჯერობით საქმეს განზრახ მკვლელობის მუხლით იძიებს.
"ღამით ჩაბნელებული რომ არ ყოფილიყო იქაურობა, შესაძლოა, ეს უბედურება არ დატრიალებულიყო. რამდენიმე წლის წინ თურმე ამავე ადგილას ბიჭის ცხედარიც უპოვიათ... " - ამის შესახებ "კვირის პალიტრას" ერთ-ერთმა ადგილობრივმა განუცხადა.
"- ამ უბანში ყველა ერთმანეთს იცნობს. გოგონას ოჯახსაც ვიცნობ, ძალიან კარგი, მშვიდი და შეთანხმებული ოჯახია. დებს, მაგდასა და ანის, ხშირად ვხედავდი ერთად. თვალებიდან არ ამომდის მისი ღმუილი, როდესაც დის ჯერ კიდევ თბილი სხეული ნახა მიწაზე. უბედურ დედ-მამაზე არაფერს ვამბობ. ღმერთმა შეაძლებინოთ ცხოვრების გაგრძელება...
ძალადობის ვერსია იმიტომ წამოვიდა, რომ ბავშვი იმ დროს იმ ადგილას არ უნდა ყოფილიყო, თან ყელზე მცირედი დაზიანებებიც ჰქონია. კი ითქვა, რომ ყელზე დაზიანება სასიკვდილო ვერ იქნებოდა, მაგრამ უმწეო ბავშვის გაგუდვა პირზე ხელის აფარებით და ცხვირის დაცობითაც შეიძლება. ბნელ და მიტოვებულ ადგილას თვითონ არ მივიდოდა და ამიტომაც ითქვა, შესაძლოა იცნობდა ვიღაცას, ვისაც ენდო და ვინც შემდეგ მოკლა და, ალბათ, იმ ადგილას მერე მიიყვანაო... გარშემო მაღალსართულიანი კორპუსებია, თან ახლო-ახლო და რამე ხმაური რომ ყოფილიყო, პირველ რიგში, მე გავიგებდი, რადგან იქვე მაღაზია მაქვს და გვიანობამდე მიწევს ყოფნა. ქუჩაში რას ლაპარაკობენ, პირველი-მეორე სართულის ბინადრებს ესმით. კივილის ხმა რომ ყოფილიყო, ყველა გამოვიდოდა ბავშვის საშველად. ეტყობა, მართლა გადასცდა მშრალი სუპი, მერე გული აერია და გაიგუდა. შესაძლოა საკვები რომ გადასცდა, იფიქრა, გულს ავირევო და მოფარებულში შევიდა.
წელიწადზე მეტია, რაც იმ ადგილასა და სტადიონის ჩაყოლებაზე გარე განათების ნათურები გადამწვარია. ხშირად ვრეკავთ მერიაში, გამგეობაში, მაგრამ თავს არავინ იწუხებს. მიუხედავად იმისა, რომ კორპუსები ახლოს არის, საღამოობით აქ მაინც არის უსიამოვნო შეკრებები, განსაკუთრებით, ზაფხულობით. ხშირად გარჩევებია, სკოლიდან გამოპარული ბავშვებიც იყრიან იქ თავს, სიგარეტს და კიდევ ვინ იცის, რას ეწევიან. ვინც ძაღლს ასეირნებს, სულ წუწუნებენ, რომ არაერთხელ უნახავთ ერთჯერადი შპრიცები. ბიჭები, მათ შორის, არასრულწლოვნებიც, იქ ლუდსა და არაყს სვამენ. ამიტომაც აქციეს ნაგავსაყრელად. ეს ღამე ხდება, თორემ დღე სულ ხალხი მიდი-მოდის. ღამით ჩაბნელებული რომ არ ყოფილიყო იქაურობა, შესაძლოა ეს უბედურება არ დატრიალებულიყო. რამდენიმე წლის წინ თურმე ამავე ადგილას ბიჭის ცხედარიც უპოვიათ...
ძალადობა თითქმის გამორიცხულია, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ მერცხალივით ბავშვი, რომელიც ჩვენ თვალწინ იზრდებოდა და ეზოში ასკინკილას თამაშობდა, ერთ ღამესაც შინ გარდაცვლილი მიასვენეს. ეს ტრაგედიაა, რომელსაც მიზეზი აუცილებლად ექნება და იმედია, გამოძიება პასუხს გასცემს..." - ამბობს ხატია.