loader

"თქვე, მართლა პარაზიტებო!.. .თქვენ დაყარეთ კუბოები ქალაქის ცენტრში" - ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"თქვე, მართლა პარაზიტებო!.. .თქვენ დაყარეთ კუბოები ქალაქის ცენტრში" - ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დავით მჟავანაძემ ოზურგეთის ცენტრალური მოედნის რეაბილიტაციის მიმდინარე პროექტის იერსახე გააპროტესტა. მისი თქმით, 2 მილიონი ლარი ევროკავშირის გრანტიდან აღნიშნული პარკისა და მოედნის რეაბილიტაციისთვის იყო განკუთვნილი. მჟავანაძე მიიჩნევს, რომ ეს თანხა არამიზნობრივად დაიხარჯა. ოპოზიციის პროტესტს უმრავლესობა გამოეხმაურა და მათ მოღალატეები უწოდა. დაპირისპირების შემდეგ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

,,ევროკავშირის გრანტით ოზურგეთის თეატრის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციისთვის დაიხარჯა 2 მილიონ ლარზე მეტი. ყველაზე სამწუხარო ფაქტი ამ ყველაფერში ის არის, რომ ეს თანხა, ფაქტობრივად, წყალში გადაყარეს. მოიტანეს სიმახინჯე და დადგეს. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც იქ პროექტი განახორციელეს, იყო ის, რომ წინა ხელისუფლების დროს გაკეთებული სკვერი უნდა ამოეძირკვათ. როგორ შეიძლება ,,ნაციონალურ მოძრაობას“ უკავშირდებოდეს ქალაქის ცენტრში რამე? გაცილებით მაგარი რაღაც უნდა ვაკეთოთ და ეს მაგარი რაც არის, უკვე ვნახეთ. ქალაქის ცენტრში მოიტანეს პირდაპირ კუბოს მსგავსი ჯართის გროვა და მიმტკიცებენ, რომ წინა პროექტი იმიტომ დავანგრიეთ, ეს უფრო მაგარიაო. თუ არ მოგვწონს რაღაც, ჩვენ ვყოფილვართ მტრები და ის კუბოები რაც დაყარეს ქალაქის ცენტრში, პატრიოტიზმი ყოფილა. რა სიმახინჯეც მოაწყვეს, აუცილებლად უნდა აიღონ, უნდა მოაშორონ ჯართის გროვა იქიდან", - განაცხადა საკრებულოს წევრმა ,,ნაციონალური მოძრაობიდან“ დავით მჟავანაძემ.

თავის მხრივ, ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ,,ნაციონალური მოძრაობა“ ჩვეულ რეჟიმს არ ღალატობს. მათი თქმით, ისინი განვითარებას ებრძვიან.

„დესტრუქციული პოლიტიკური ძალა თავის ჩვეულ რეჟიმს არ ღალატობს და ცდილობს არეულობა შემოიტანოს საკრებულოს სხდომაზე. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ისინი პროექტებს და განვითარებას ებრძვიან და მაშინ, როდესაც ჩვენ ვიხილავთ ქალაქის მდგრადი განვითარების საკითხებს, ისინი ტოვებენ სხდომას, ხმაურით ცდილობენ, რომ ჩაშალონ და ხელი შეუშალონ სამუშაო პროცესს. საზოგადოების მხრიდან ამ საკითხზე იყო მოსაზრებები და ჩვენ ამ საკითხს დავუბრუნდებით, მივიღებთ იმ ობიექტურ შენიშვნებს, რომლებიც ამ პროექტის ირგვლივ შეიძლება არსებობდეს", - განაცხადა ოზურგეთის მერის მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძემ.

ავტორი: მაიკო ძაგანია