"მე ვუძლებ... აი, დათო ტურაშვილი კი საავადმყოფოში მოხვდა! ტელევიზიების საყურადღებოდ მინდა ვთქვა..." - რას წერს ანდრია ჯაღმაიძე დათო ტურაშვილის შესახებ?
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, მწერალ დათო ტურაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
"ერთგვარი დალოცვის ფორმა შეიძინა სიტყვებმა, - "გაძლება მოგცეს ღმერთმა"! ახლობლები, ნაცნობები, უცხო ადამიანები ამ სიტყვებს ხშირად მეუბნებიან. არაა იოლი გასაძლები! ვიცით, ვის რის ფასად უჯდება პატივისა და ღირსების შელახვის დათმენა?!
უფლის წყალობით, მე ვუძლებ... აი, დათო ტურაშვილი კი, სამწუხაროდ, საავადმყოფოში მოხვდა! მინდა, ჯანმრთელობა ვუსურვო მას და ასევე ვისურვო, რომ ჩვენი საზოგადოება მეტად დაუფიქრდეს მის ნათქვამს, რომ სიტყვებიც შეიძლება მკვლელობის იარაღად იქცეს!
ახლა კონკრეტულს არაფერს შევახსენებ ტელევიზიებს, რომლებსაც არაერთხელ ანალოგიური რამ გაუკეთებიათ, და მათ შორის ჩემ მიმართაც, ინტერნეტსივრცე კი, ისეთი რეალობაა, რომ, თუ იქ ერთხელ რამე მოხვდა, მუდმივად რჩება და მუდმივად შეგვახსენებს ამას.
ამ ტელევიზიების საყურადღებოდ მინდა ვთქვა: კარგია, დათო ტურაშვილს რომ ექომაგებით, მართლაც დაინახეთ, რომ მკვლელობის, სამშობლოს ღალატისა და სხვა ცილისწამებათა დაბრალება ცუდი საქციელია?! იმედი ვიქონიოთ, რომ ხვალიდან ამგვარ უღირს საქციელს თავადაც მოერიდებით? ან შენდობას ითხოვთ უკვე ჩადენილზე? ან ამ პოსტს მშვიდად და გაცნობიერებულად მიიღებთ?"
შეგახსენებთ, გუშინ დათო ტურაშვილმა "ფორმულას" გადაცემაში "მე-17 სართული", რომლის ერთ-ერთი თანაწამყვანია, ბოლო დღეებში მის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე ემოციურად ისაუბრა, რის შემდეგაც ნერვული და სტენოკარდიული შეტევის გამო ეკლინიკაში გადაიყვანეს. ის ამ დროისთვის თავს კარგად გრძნობს.