რუსთაველის გამზირზე მას შემდეგ, რაც ტერიტორია მომიტინგეებისგან გაწმინდეს, კვლავ მობილიზებულია სპეცრაზმი - პოლიცია დგას მიმდებარე ქუჩებზეც
რუსთაველის გამზირზე დიდი რაოდენობის სპეცდანიშნულების რაზმია მობილიზებული. კერძოდ, ისინი განლაგებული არიან სასტუმროების - “ბილტმორის” და “რედისონის” მიმდებარე ტერიტორიებზე.
ამასთან, ადგილზე რჩებიან საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
უშუალოდ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა, აქციის მონაწილეებისგან გათავისუფლებულია.
მთელ პერიმეტრზე საპატრულო პოლიცია პატრულირებს. პოლიცია რუსთაველის გამზირზე გასასვლელ ქუჩებზე - არჩილ ჯორჯაძისა და გია ჭანტურიას ქუჩებზეც დგას.
რუსთაველის გამზირზე დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლებიც იმყოფებიან.
ახალგაზრდების ჯგუფი პარლამენტის მიმდებარედ დაბრუნებას კვლავ ცდილობს, მაგრამ სამართალდამცველები ამის საშუალებას არ აძლევენ.