ჯარში გაწვევის წესი იცვლება - სტუდენტის სტატუსი წვევამდელს ჯარიდან ავტომატურად ვეღარ იხსნის, ხოლო მღვდელმსახურის სტატუსი გადავადების საფუძველი აღარ იქნება - კანონპროექტის დეტალები
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა „თავდაცვის კოდექსის“ პროექტი, რომელიც ახლებურად დაარეგულირებს თავდაცვის სამინისტროს მოწყობის, საქმიანობისა და სამხედრო სამსახურთან დაკავშირებულ საკითხებს. პროექტის თანახმად, სავალდებულო სამხედრო სამსახურს შეეცვლება სახელი და ეწოდება - „წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური“.
იგეგმება წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის ვადის შემცირება. კერძოდ, 12-თვიანი ვადის ნაცვლად შემოთავაზებულია სამსახურის დიფერენცირებული ვადები: საბრძოლო ქვედანაყოფში სამსახურისათვის - 6 თვე; დაცვის ან უზრუნველყოფის ქვედანაყოფში სამსახურისათვის - 8 თვე; უმცროს სამეთაურო თანამდებობებზე და წინასწარ განსაზღვრულ სპეციალობებზე სამსახურისათვის - 11 თვე. გაწვევა განხორციელდება სამინისტროს პრიორიტეტების გათვალისწინებით.
წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ სამინისტროს სისტემაში. აღნიშნული სიახლეების ამოქმედება იგეგმება 2025 წლის პირველი იანვრიდან.
სიახლეს წარმოადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტის მიერ წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლის შესაძლებლობა. კერძოდ, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი, შესაძლებელია დაექვემდებაროს შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევას. ასეთ შემთხვევაში, მას საკუთარი სურვილით შეეძლება შეარჩიოს და გაიაროს სამხედრო სამსახურის გავლის ერთ-ერთი ფორმა - 6, 8 ან 11 თვის ხანგრძლივობით, ან ჩაირიცხოს შესაბამის სამხედრო მომზადების პროგრამაზე, რომელიც გულისხმობს ოთხი წლის განმავლობაში სტუდენტის მიერ ზაფხულის პერიოდში შეკრებების გავლას.
გადაიხედა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის მოსაკრებლის ოდენობა და 2000 ლარის ნაცვლად (18 თვით გადავადებისათვის) განისაზღვრა 10 000 ლარით, ერთი წლის მანძილზე გადავადებისათვის. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების მოსაკრებლის უფლების გამოყენება პირს ექნება მხოლოდ ერთხელ.